კიკნაძე ალექსანდრე ვასილის ძე (16. III. 1923, მაზანდარანი, სპარსეთი, – 6. VIII. 2002, მოსკოვი, რუსეთი), მწერალი, სპორტული ჟურნალისტი. დაამთავრა ბაქოს (აზერბაიჯანი) უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. 1937-იან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. 50-იან წლებში იყო „კრასნი სპორტის“ („Красный спорт“) საკუთარი კორესპონდენტი ამიერკავკასიაში. 60- იანი წლების დასაწყისში ხელმძღვანელობდა გაზ. „სოვეტსკი სპორტის“ („Советский спорт“) საერთაშ. განყ-ბას. ესწრებოდა და პროფესიულად აშუქებდა ოლიმპიურ (1960, 1964, 1968, 1972, 1980) და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს (1968, 1972, 1976).
კ. ავტორია დოკუმენტურ-პუბლიცისტური და პროზაული ჟანრის წიგნებისა. აღსანიშნავია მისი 1965 გამოქვეყნეული საგაზეთო წერილი „ნედელიაში“ („იზვესტიის“ ყოველკვირეული დამატებაა) „ბასკები, საიდან არიან ისინი?“, რითაც ავტორმა საზოგადოებრივ სამსჯავროზე დააბრუნა ქართველებისა და ბასკების ნათესაობის საკითხი. ამავე თემას ეძღვნება მისი რომანი-დილოგია «„Королевская примула: „Иберийская легенда“» და „Брод через Арагоа“ (1973).
თხზ.: „იბერიის ლეგენდა: ფურისულა“, თბ., 1972; „Кто там стучится в дерь“, М., 1976; „Ветер с Олимпа“, М., 1978.
ლიტ.: მახარაძე გ., „არ დავიწყება მოყვარისა“, თბ., 1976.