კოლხური წვერა

კოლხური წვერა

კოლხური წვერა (Barbus tauricus rionica, Kamensky, 1899), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae Fleming, 1822), წვერებისნაირთა ქვეოჯახს (Barbinae Bleeker, 1859). სიგრძე 55 სმ-მდე, მასა 2 კგ-მდე. ბენთოპელაგიური მტკნარი წყლის თევზია. ბინადრობს ქვაქვიშიან დგილებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 წლის ასაკში. ტოფობს ორჯერ. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება დამოკიდებულია ასაკზე. მდინარეებში ნაყოფიერება შეადგენს 2000–15000-მდე, ტბებში – 30000-მდე ქვირითს. იკვებება ცხოველური ბენთოსით, მოლუსკებით, ქრონომიდებით, გვერდულებით, დეტრიტით, მდინარის კიბოებით, იშვიათად – წვრილი თევზებითა და მათი ქვირითით.

გვხვდება დას.საქართვ. მდინარეებში (ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები), ამტყელის ტბაში, ტყიბულისა და ლაჯანურის წყალსაცავებში, აგრეთვე – მცირე აზიის წყლებში. მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იყენებენ ნედლს. კ. წ. კავკასიის ენდემია

ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1973; Богуцкая Н., Насека А., Каталог бесчелюстных и рыб, М., 2004.

ნ. ნინუა