კოლხური ხრამული (Capoeta sieboldi; Steindachner, 1864), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae, Fleming, 1822). სიგრძე 50 სმ-მდე, მასა 2,5 კგ. მტკნარი წყლის თევზია, უპირატესობას ანიჭებს მდინარის მდოვრე დინებას და დამდგარი წყალსაცავების ქვაქვიშიან ადგილებს. საცხოვრებელ გარემოდ ირჩევს მდინარის ქვემო დინებას. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 წლის ასაკში. მრავლდება ივნისიდან სექტემბრამდე; ნაყოფიერება – 2000–30000 ქვირითამდე. იკვებება წყალმცენარეებით, დეტრიტით, ზოობენთოსით, წვრილი თევზებითა და ქვირითით. ბინადრობს დას. საქართვ. თითქმის ყველა მდინარეში (ჭოროხი, ჩაქვი, კინტრიში, ბზიფი, ფსოუ), ტბასა (პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი, ამტყელი) და წყალსაცავში (ტყიბული, გუმათი და სხვ.), აგრეთვე თურქეთის წყლებში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის მიერ (IUCN) არ არის შეფასებული (NE). კავკასიის ენდემია.
ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Касимов А., Пресноводная фауна Кавказа, Баку, 1972; Э л а н и д з е Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.
ნ. ნინუა