კომანდიტური საზოგადოება

კომანდიტური საზოგადოება, სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც აერთიანებს ორი სახის პარტნიორს ‒ კომპლემენტარს (სრული პარტნიორი) და კომანდიტს (შეზღუდული პარტნიორი). კომანდიტის პასუხისმგებლობა საზ-ბის კრედიტორების წინაშე არ შემოიფარგლება მხოლოდ საზ-ბის ქონებით, არამედ ვრცელდება კომპლემენტარის ქონებაზეც, იგი საზ-ბის ვალდებულებებზე კრედიტორთა წინაშე პასუხს არ აგებს. კ. ს-ის სამართლებრივი ფორმის ძირითად თავისებურებას სწორედ აღნიშნული ორი კატეგორიის პარტნიორის არსებობა და საზ-ბის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობის მითითებული წესი განსაზღვრავს. კ. ს. უძველესი სავაჭრო საზოგადოებაა. იგი ცნობილია თითქმის ყველა სამართლებრივი სასტემისთვის. საქართველოში მოწესრიგებულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონით, რ-ის თანახმად კ. ს-ს იურიდ. პირის სტატუსი აქვს და მისი პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდ. პირი. კ. ს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზ-ბასთან (სპს) ერთად განეკუთვნება ამხანაგობის ტიპის (პერსონალურ) სამეწარმეო საზ-ბას, რ-ის მარტივი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის მართვის ორგანოებია პარტნიორთა საერთო კრება და ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო (მმართველი პარტნიორი). კ. ს-ში მოქმედებს ფართო საწესდებო ავტონომია. ამ საზ-ბის პარტნიორებს ფართო უფლებები აქვთ, თუმცა კომანდიტის უფლებრივი მდგომარეობა კომპლემენტართან შედარებით შეზღუდულია (ძირითადად ხელმძღვანელობისა და ხმის უფლების ნაწილში). დაფუძნების სიმარტივე, მცირე კაპიტალით მეწარმეობის განხორციელების შესაძლებლობა, პარტნიორთა ფართო უფლებები, საზ-ბის საქმიანობაში კომპლემენტარის პირადი მონაწილეობის შესაძლებლობა, პარტნიორთათვის საზ-ბის საქმიანობის სრული გამჭვირვალობა, კომანდიტის პასუხისმგებლობის შეზღუდვა ‒ ყოველივე ეს განაპირობებს კ. ს-ის მოქნილობასა და მიმზიდველობას. კომპლემენტართა შეუზღუდავი პასუხისმგებლობის გამო კ. ს-ს ნაკლებად შესწევს ფართომასშტაბიანი და გაბედული სამეწარმეო ოპერაციების შესრულების უნარი, ამიტომ იგი უფრო ხელსაყრელია მცირე მეწარმეობის განსახორციელებლად.

კ. ს-ის როგორც იურიდიული პირის განსაზღვრება, პირველად განმარტებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონით მეწარმეთა შესახებ (1994 წ. 28 ოქტომბრის რედაქცია).

წყარო: კანონი მეწარმეთა შესახებ, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21–22, მ.455.

ლიტ.: ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011; ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბ., 2002.

ლ. ლაზარაშვილი

მ. კლდიაშვილი