კომბლე, ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ პერსონაჟი. ხალხ. ეტიმოლოგიით, გმირს სახელი ეწოდა ხელობის (ამზადებდა კომბლებს) მიხედვით და მომდინარეობს სიტყვიდან „კომბალი“.
არსებობს ზღაპრის მრავალი ვერსია, რ-შიც ასახულია უძველესი დროიდან მომდინარე ხალხ. ტრადიციები, სამეურნეო წეს-ჩვეულებები, აგრეთვე – ბატონყმური ურთიერთობები.
ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით მოქმედება დინამიკურად ვითარდება პერსონაჟების კონფლიქტის ფონზე. მისი ძირითადი იდეაა სიკეთის მარადიულობის რწმენის განმტკიცება ხალხში, რაც გმირის საბოლოო გამარჯვებაში აისახება. კ. გადაიქცა სოც. უთანასწორობის, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ პოპულარულ ხალხურ სახედ.