კომერციული საიდუმლოება

კომერციული საიდუმლოება, ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. იგი მოიცავს ინფორმაციას კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რ-იც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად და წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს და სხვ.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში კ. ს-ის სტატუსი მიანიჭოს იმ ინფორმაციას, რ-საც მისი წარმდგენი პირი კ. ს-დ მიიჩნევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის ღიაობის ვალდებულება დადგენილია კანონით. თუ ინფორმაციის წარდგენისას საჯარო დაწესებულება არ მიიჩნევს მას კ. ს-დ, იგი იღებს გადაწყვეტილებას ამ ინფორმაციის ღიაობის თაობაზე და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პირს. გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ პირმა, რ-ის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართვ. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საჯარო დაწესებულებას. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კ. ს-დ მიჩნევის საკითხი.

კ. ს-დ მიჩნეული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. იგი ღიად ცხადდება იმ შემთხვევაში, თუ მას აღარ აქვს ის ღირებულება, რ-ის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული.

ი. უჯმაჯურიძე