კომნენოსები (Komnenoi), ბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (1057–59, 1081–1185). დამფუძნებელია ალექსი I კომნენოსი (იმპ. 1081-იდან) სავარაუდოდ, წარმოშობით მცირეაზიელ მსხვილ ფეოდალთა წრიდან იყვნენ და გამოხატავდნენ პროვინციელი ფეოდალების ინტერესებს. კ-ის მიერ გატარებულ ღონისძიებათა წყალობით განმტკიცდა ფეოდ. ინ-ტები, გადახალისდა ადმ. მმართველობა, მოხდა საზღვაო ფლოტის მართვის ცენტრალიზაცია, ჩატარდა სამხ. რეფორმა – ფეოდ. ლაშქარი შეიცვალა ძირითადად უცხოელი დაქირავებული რაზმებით, ეკლესია, ფაქტობრივად, იმპერატორს დაემორჩილა. კ-ს საკმაო წარმატება ჰქონდათ საგარეო პოლიტიკაშიც: შეაჩერეს სელჩუკთა შემოტევა, შემოიერთეს ბალკანეთის ნ. კ-ის ჩრდ. ნაწილი, მთელი რიგი ოლქები მცირე აზიაში, დიდი პრივილეგიები მიანიჭეს ლათინებს, რამაც საერთო აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით გამწვავდა ბიზანტიის საშინაო ვითარება ანდრონიკე I-ის დროს, რ-იც 1185 აჯანყებულებმა გადააყენეს. ხელისუფლება გადავიდა ანგელოსთა დინასტიის ხელში. ანდრონიკე I-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილები ალექსი [იხ. ალექსი I კომნენოსი (1204–22)] და დავითი საქართველოში გახიზნეს. ისინი თამარ მეფის (ნათესავები იყვნენ დედის მხრიდან) კარზე აღიზარდნენ ქართ. ტრადიციებით. 1204 მათ თამარ მეფის დახმარებით ხელთ იგდეს ძალაუფლება მცირე აზიის ზღვისპირა რ-ნში, სადაც ძველთაგანვე ქართვ. ტომები ცხოვრობდნენ და დააარსეს ტრაპიზონის იმპერია, რ-საც ანდრონიკე I-ის შთამომავალნი 1204–1461 „დიდი კომნენოსების“ სახელით მართავდნენ.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.
ლ. მანიავა