კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი

კომპოზიტორთა სახლი. ბორჯომი. 1982

კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, კომპოზიტორებისა და მუსიკისმცოდნეების ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ-შემოქმედებითი გაერთიანება. დაარსდა სსრკ-ში 1932 წ. 23 აპრილს, შემდეგ ორგანიზაციები შეიქმნა სსრკ-ის ყველა რესპუბლიკაში, ცალკეულ დიდ ქალაქებსა და საოლქო ცენტრებში. 1948 გამართულ კომპოზიტორთა კავშირის ყრილობაზე მიიღეს წესდება, რ-ის დეკლარირებული ამოცანა იყო სოციალ. რეალიზმზე დაფუძნებული მაღალიდეური ნაწარმოებების შესაქმნელად შემოქმედებითი პროცესების მართვა, კავშირის წევრების იდეურ-პოლიტ. აღზრდა, მათ შემოქმედებით ზრდასა და პროფ. დაოსტატებაზე ზრუნვა. რეალურად კი ასეთი შემოქმედებითი კავშირები საბჭოთა სისტემისათვის წარმოადგენდა ერთგვარ ბერკეტს შემოქმედებითი ინტელიგენციის იდეოლოგიური მართვისა და მასზე კონტროლის დასაწესებლად. კომპოზიტორთა კავშირებთან დაარსდა მუს. ფონდი, რ-იც უზრუნველყოფდა კავშირის წევრთა ნაწარმოებების გამოცემას. ასევე დაარსდა ბეჭდვითი ორგანოები ჟურნალების სახით („Советская музыка“, „Музыкальная жизнь“). დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991) კი მოხდა საქ. სსრ „კომპოზიტორთა კავშირის“ და მისი ქვემდებარე ორგანიზაციების რეორგანიზაცია. 1992 დაფუძნდა მისი უფლებამონაცვლე ორგანიზაცია – საქართვ. კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირი, რ-იც 2004-იდან რეგისტრირებულია საქართვ. კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის სახელწოდებით (იხ. აგრეთვე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი). იგი გათავისუფლდა საბჭ. იდეოლოგიის კონტროლისგან. მას შემდეგ კომპოზიტორთა კავშირის ამოცანაა ქართ. პროფ. მუსიკის განვითარების ხელშეწყობა, ქართვ. კომპოზიტორთა ახალი და ჯერ კიდევ გამოუცემელი ნაწარმოებების შესრულებისა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა, მუსიკისმცოდნეთა ნაშრომების გამოცემა, ნიჭიერ კომპოზიტორთა მხარდაჭერა, ფესტივალების, კონცერტების, კონკურსების, კონფერენციების გამართვა და სხვ. მასვე ექვემდებარება შპს „მუსიკალური ფონდი“ (მუს. ფონდი), ჟურნ. „მუსიკა“, საერთაშ. მუს. საინფორმაც. ცენტრი (IAMIC).

სხვადასხვა დროს კავშირის თავ-რეები იყვნენ დ. არაყიშვილი (პირვ. თავ-რე 1932–34), ი. ტუსკია (1935–37), გ. კილაძე (1937–38), ი. (ვანო) გოკიელი (1938–42), შ. მშველიძე (1942–50), გ. კოკელაძე (1950–52), ა. ბალანჩივაძე (1953– 62, 1968–73), ო. თაქთაქიშვილი (1962), ა. მაჭავარიანი (1962–68), გ. ორჯონიკიძე (1973–84), ს. ცინცაძე (1984–90), ნ. მამისაშვილი (1990–92), ს. ნასიძე (1992–96), ნ. გაბუნია (1996–97), ვ. აზარაშვილი (1997–2008), კ. ცაბაძე (2008– 17); 2017-იდან კ. შ. კ-ის ხელმძღვანელია გ. შავერზაშვილი.

კავშირის პერიოდული ბეჭდვითი ორგანოებია: პირველი ქართულენოვანი გაზ. „მუსიკა“ (1991–2000), ჟურნალები: „მუსიკალური საქართველო“ (2004–08), «Грузия музыкальная» (საქართვ. მუს. საინფ. ცენტრის ორგანო), „მუსიკა“ (2008-იდან).

ნ. მესხი