კიკნაძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე (15. III. 1909, ხაშური, – 16. IV. 1974, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. პროფესორი (1962). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1929). 1938 მუშაობა დაიწყო იქვე. 1941–47 იყო თეატრალური ინ-ტის ლიტმცოდნეობის კათედრის გამგე, 1942–50 მუშაობდა ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. კ-ის მეცნიერული ინტერესის სფერო მოიცავდა ლიტ. ისტორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებს. ავტორია მონოგრაფიებისა: „ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის“ (1953, 1972), „მეტყველების სტილის საკითხები“ (1957); გამოკვლევებისა ნ. ბარათაშვილის, ვ. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, დ. კლდიაშვილის, გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ა. კალანდაძის, ა. პუშკინისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.
კ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობის შესწავლაში (მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველას შემოქმედება“, 1957; წერილები: „ვაჟას ფენომენი“; „ვაჟა-ფშაველა ზიგმუნდ ფროიდის წინააღმდეგ“, 1966; „ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ“, 1967 და სხვ.). 1962 კ-ის თაოსნობით თსუ- ში ჩამოყალიბდა ვაჟა-ფშაველას კაბინეტი, რ-საც იგი გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
თხზ.: ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, თბ., 1978; ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბ., 1989; თხზულებანი 5 ტომად, თბ., 1999–2009.
ლიტ.: გრიგოლ კიკნაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1976; გრიგოლ კიკნაძე (კრებული), თბ., 1999.
ჯ. ჭუმბურიძე