კიკნაძე ვასილ პავლეს ძე

ვ. კიკნაძე

კიკნაძე ვასილ პავლეს ძე (24. XII. 1929, სოფ. ახალშენი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 2016, თბილისი), თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). 1954 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი. 1954–64 იყო რუსთაველის თეატრის სალიტ. ნაწილის გამგე, 1964–73 მუშაობდა საქართვ. კულტურის სამინისტროში, 1973–2005 – თეატრალური ინ-ტის პრორექტორი.

კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და წიგნის ავტორია. აღსანიშნავია მისი დამსახურება ს. ახმეტელის შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში, რასაც ათეულობით სამეცნ. გამოკვლევა და 1964, 1967, 1977, 1986 წლებში გამოქვეყნებული წიგნები მიუძღვნა. წლების განმავლობაში იკვლევდა ქართ. სათეატრო რეჟისურის პრობლემებს („ქართული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები“, „ქართველი რეჟისორები“, 2 ნაწილად). დ. კლდიაშვილის დრამატურგიას მიეძღვნა მისი მონოგრაფიული პუბლიკაციები: „ცრემლიანი სიცილი“ და „დ. კლდიაშვილის თეატრი“. 2001 გამოაქვეყნა „ქართული დრამატული თეატრის ისტორია“ 2 ტომად. კრიტიკოსმა თეატრ. სტატიებსა და გამოკვლევების რჩეულ ნამუშევრებს თავი მოუყარა წიგნებში: „სივრცე თეატრისა“, „თეატრალური ძიებები“, „თეატრი და დრო“. მასვე ეკუთვნის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მონოგრაფიები კ. მესხზე, ა. ვასაძეზე, დ. ალექსიძეზე და სხვ. წიგნისთვის „ქართული რეჟისურის ისტორიის ნარკვევები“ მიენიჭა საქართვ. მეცნიერებათა აკადემიისა და განათლების სამინისტროს პრემია (1982), ხოლო მონოგრაფიისათვის „სანდრო ახმეტელი“ – კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია (1979).

კ. არის ს. ახმეტელის სახ. პრემიის ერთადერთი მფლობელი თეატრმცოდნეთა შორის (გაიცემა მხოლოდ რეჟისორებისათვის). გამოქვეყნებული აქვს მემუარული ნაწარმოები „გამოთხოვება მოგონებებთან“.