კიკნაძე თამაზ ზაქარიას ძე (1. I. 1936, თბილისი, – 27. III. 1991, იქვე), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1990). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგიის ფაკ-ტი (1959). 1960 მუშაობა დაიწყო „საქსახწყალპროექტში“ ინჟინერ-გეოლოგის თანამდებობაზე. იმავე წელს გადაიყვანეს საქართვ. მეცნ. აკადემიის სპელეოლოგიური კომისიის სწავლულ მდივნად. 1964–66 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბიოლოგიის განყ-ბის სწავლული მდივანი, 1966–82 – საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავ-რის თანაშემწე. 1977–82 შეთავსებით მუშაობდა ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1982-იდან გარდაცვალებამდე იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის დირექტორი.
კ-ის მეცნ. ინტერესების სფერო იყო კარსტისა და სპელეოგენეზისის პრობლემური საკითხების კვლევა. დაადგინა მთიანი ქვეყნების კარსტისა და კარსტული წყლების ფორმირების ძირითადი კანონზომიერებანი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილია მსოფლიოს ერთ-ერთი ღრმა კარსტული წყალშემცველი სისტემა გაგრის ქედზე.
1978–89 კ. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული სპელეოლოგიური საბჭოს თავ-რე, სპელეოლოგთა საერთაშ. კავშირის მღვიმეთა დაცვისა და გამოყენების კომისიის ბიუროსა და ამავე კავშირის კარსტის ჰიდროქიმიის კომისიის წევრი, სსრკ მეცნ. აკად. კარსტული კომისიის წევრი, საერთაშ. სპელეოლოგიურ კავშირში სსრკ-ის მუდმივი წარმომადგენელი და სხვ.
კ. იყო რამდენიმე ქვეყნის უნ-ტის საპატიო დოქტორი. 1983–84 ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს აფრიკისა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, მ. შ. სსრკ-ის ექსპედიციას ეთიოპიაში, სოფ. ომარში არსებული აფრიკის კონტინენტის უდიდესი მღვიმის შესასწავლად.
კ-ს გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები (მ. შ. 8 მონოგრაფია), აქედან მესამედზე მეტი – საზღვარგარეთ. სპელეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კ. დაჯილდოებულია ჩეხოსლოვაკიის სპელეოლოგიური საზ-ბის ოქროს მედლით (1987). „საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის“ შექმნაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1994; გარდაცვალების შემდეგ).
ლიტ.: თამაზ კიკნაძე. სამეცნიერო მოღვაწეობა და შემოქმედება. კრ. გამოსაცემად მოამზადა ც. კოჭლაშვილმა, თბ., 2016.