კიკნაძე ნანა გიორგის ასული (18. IV. 1928, თბილისი, – 13. VII. 2016, იქვე), მხატვარი-კერამიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. საქართველოს დამს. მხატვარი (1967). სწავლობდა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტზე (1953–59), 1962-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1959-იდან: მოსკოვის საკავშ. (1961), პრაღის კერამიკის I საერთაშ. (1962), მოსკოვის საკავშ. (1967), ვალორისის ბიენალე (1970, საფრანგეთი), კერამიკის II საერთაშ. სიმპოზიუმი (1975, ვილნიუსი), ქართული ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა (1985, მოსკოვი), „სპორტი ქართულ სახვით ხელოვნებაში“ (1999, თბილისი). ნამუშევრები: „სამფეხა დოქი“ (1959), „მარნები“ (1960), „მაყალი“ (1966), „შეწყვილებული ირმები“ (1967); პლასტიკა: „კერამიკა“ (1975), „არწივი“ (1978), „ცხრა აპრილი“ (1989), „შავი ხარი“ (რიყის ქვა, 1994) და სხვ. ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში. ავტორია სტატიებისა ქართ. კერამიკის ისტორიისა და კერამიკოსთა შემოქმედების შესახებ. დაჯილდოებულია ვალორისის (1970, საფრანგეთი) და ვილნიუსის (1975, ამჟამად ლიეტუვა) საერთაშ. გამოფენების დიპლომებით, აგრეთვე ღირსების ორდენით (2002).