კიკნაძე რევაზ ზურაბის ძე (დ. 29. XI. 1960, თბილისი), კომპოზიტორი, შემსრულებელი. 1982 დაამთავრა თსუ კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. 1986–90 სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკ-ზე (ო. თაქთაქიშვილის და ნ. მამისაშვილის კლასები). ამავე ხანებში უკრავდა საქსოფონზე კონსერვატორიის ჯაზ-კვინტეტში; საქართვ. ტელევიზიის ბიგ-ბენდში; მონაწილეობდა თბილისის, ტალინისა და ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალებში. 1981–90 სწავლობდა კომპოზიციას მ. შუღლიაშვილთან. იყო ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრი.
1991–94 ქ. ლიუბეკში (გერმანია) სწავლობდა კომპოზიციას ფ. დოელთან. პარალელურად, 1993-იდან – ელექტრონულ მუსიკას დ. რაითთან. 1992–94 იყო ანსამბლ „Nuova sinansa“-ს წევრი; თანამშრომლობდა იაპონურ-გერმანულ თანამედროვე ბალეტის თეატრთან „Tatoeba–theatre dance grotesque“; 2000- იდან – თანამედროვე საბალეტო დასთან „TanzOrt Nord“. 2000–03 ხელმძღვანელობდა ანსამბლს „Resolution group“. 2011–19 იყო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი. 2020-იდან არის ილიას სახელმწ. უნ-ტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს არაერთი საერთაშ. პრიზი. ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში.