კიკნაძე რევაზ კანდიდის ძე

კიკნაძე რევაზ კანდიდის ძე (7. VI. 1923, თბილისი, – 19. VII. 1989, იქვე), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, თეორიული წყაროთმცოდნეობის ქართ. სამეცნ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1980). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1951). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მსახურობდა სამხ.-საჰაერო ძალებში. 1956–89 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1961–63 იყო მახლობელი აღმ. ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობათა ისტორიის განყ-ბის, ხოლო 1969–89 – საქართველოს ძვ. და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყ-ბის გამგე. არჩეული იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საქართვ. ისტორიის წყაროების დამდგენი კომისიის თავ-რის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა კომისიის გამოცემების ორ სერიას – „ქართული წერილობითი ძეგლები“ და „საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები“. კ. იყო წყაროთმცოდნეობის დარგში ჩატარებული მნიშვნ. ფორუმების ორგანიზატორი. მისივე თაოსნობით ყოველწლიურად იმართებოდა წყაროთმცოდნეთა რესპუბლიკური სამეცნ. სესიები. კ-ის რედაქტორობით გამოიცა „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“ (პერიოდ. გამოცემები რუს. ენაზე) და „ქართული წყაროთმცოდნეობა“ (ტომები 1989-მდე), 1957 – „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან“, რ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კ-ს ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მე-3 ტომის (1979) ერთ-ერთი მონაკვეთი.

მეცნიერი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის აღმოსავლური წერილობითი წყაროების თარგმნას და სამეცნ. კომენტარებით გამოცემას. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია „ჟამთააღმწერლის სპარსული წყაროები“, ფადლალაჰ იბნ რუზბეჰანის „თარიხუ ამინი“ („კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული“, ნაკვ. 11, თბ., 1962), „ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ“ (თბ., 1966. ვ. ფუთურიძესთან ერთად), „ჯუვეინის ცნობები საქართველოს შესახებ“ (თბ., 1974), „სამყაროს საკვირველებანის“ ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ (თბ., 1978) და სხვ. კ-ის სამეცნ. მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფარსადან გორგიჯანიძის თხზულების შესწავლას. ამ მხრივ აღსანიშნავია „ფ. გორგიჯანიძის ერთი ქართული წყაროს შესახებ“ („მაცნე“. ისტ. სერია, 1971, №2), „ფ. გორგიჯანიძე და ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (თბ., 1975), „Парсадан Горгиджанидзе. История Грузии“ (თბ., 1990) და სხვ. 1987 გამოსცა ჟამთააღმწერლის „ასწლოვანი მატიანე“ (გამოკვლევით, შენიშვნებითა და ლექსიკონით). კ-ის ინტერესების არეალში მოქცეული იყო წყაროთმცოდნეობის თეორ. საკითხებიც. დიდ ყურადღებას უთმობდა წყაროთმცოდნეობითი კვლევის, მ. შ. ისტ. წყაროს კრიტიკული ტექსტის დადგენის მეთოდიკის საკითხებს.

თხზ.: საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის საკითხები, ნაკვ. 1–2, თბ., 1982–92; წყაროთმცოდნეობის თეორიული პრობლემები, თბ. 1988 (თანაავტ.); საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის საკითხები, თბ., 1993.

ლ. ურუშაძე