კიკნაძე ფილადელფოს (ნათლობის სახელი – ნიკიფორე) იოანეს ძე

კიკნაძე ფილადელფოს (ნათლობის სახელი – ნიკიფორე) იოანეს ძე (დაახლ. 1794 ან 1793 – 5. IX. 1833), საეკლესიო მოღვაწე. ქართველ თავად-აზნაურთა 1832 შეთქმულების იდეური ხელმძღვანელი და ორგანიზატორი. 7 წლისა მამამ ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარა სასწავლებლად. 1813 ხირსის არქიმანდრიტმა წაიყვანა მონასტერში, სადაც დიაკვნად მსახურობდა, თან ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას სწავლობდა. 1817 ბერად შედგა ნიკოლოზის სახელით, 1818 იეროდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1822 – მღვდელმონაზვნად (მაშინ ეწოდა ფილადელფოსი), შემდეგ თბილ. ფერისცვალების მონასტერში გადავიდა. 1826 კათოლიკოს ანტონ II-ს ნიჟნი-ნოვგოროდში გაჰყვა. იქ დაუახლოვდა ოქროპირ ბატონიშვილს, რ-მაც იგი ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა. ანტონის გარდაცვალების შემდეგ კ. საქართველოში დაბრუნდა და კვლავ თბილ. ფერისცვალების მონასტერს დაუბრუნდა. ქალაქში გავრცელებული ქოლერის გამო შუამთის მონასტერში გადავიდა, სადაც მონასტრის წინამძღვარი იყო. კ. ეწეოდა საგანმანათლებლო და ლიტ. მოღვაწეობას. შუამთის მონასტერთან გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა თავად-აზნაურთა და გლეხთა შვილებს. მისი მოსწავლეები იყვნენ გიორგი და რაფიელ ერისთავები.

1829 თბილისში ჩამოსულმა ბატონიშვილმა კ-ს კონკრეტული დავალებები მისცა. კ. გახდა შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი. შეადგინა შეთქმულთა ორგანიზაციის წესდება „აკტი გონიური“, მანვე შექმნა საიდუმლო ანბანი მხედრული, ნუსხური, რუსული და ლათინური ანბანის გამოყენებით; იგი მოსამართლის როლსაც ასრულებდა – შეთქმულთა შორის ყოველგვარ უთანხმოებას განიხილავდა და აგვარებდა.

1832 შეთქმულება გასცეს. 1833 წ. 9 იანვარს კ. შუამთის მონასტერში დააპატიმრეს, იმავე წლის 5 სექტემბერს კი თბილისში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

კ. ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა, ცნობილია როგორც გადამწერი. წერდა ლექსებს სამშობლოს მდგომარეობასა და სიყვარულზე. მნიშვნელოვანია მისი გამოუქვეყნებელი ნაშრომი „სიყვარული მამულისა“. კ. ამგვარად განმარტავს სამშობლოს (როგორც თვითონ უწოდებს „მამულს“) – ესაა იმ მიწის, ერის, რჯულისა და ტრადიციების სიყვარული, რ-იც წინაპრებმა გვიანდერძეს.

კ-ს ეკუთვნის აგრეთვე გამოუქვეყნებელი, თეთრ ლექსად დაწერილი ნაშრომი „გოდებანი იერემიასი, ძისა ენაისნი ხილვათათვის მდგომარეობისა ივერიისასა აწინდელსა ზედა“, სადაც აღწერილია მისი თანამედროვე საქართველოს მდგომარეობა. მიკვლეულია კ-ს ქადაგებებიც.

თხზ.: მამულის სიყვარული (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო პროფ. თ. კუკავამ), თბ., 1996; ქადაგება ქველმოქმედების შესახებ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო მ. ხომერიკმა), თბ., 1997.

ლიტ.: გოზალიშვილი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1, თბ., 1935; ხომერიკი მ., ფილადელფოს კიკნაძის გრამატიკული ნაშრომი, თბ., 1997.

გ. ლორთქიფანიძე