კიკნაძე ქეთევან გაბრიელის ასული (10. V. 1939, თბილისი, - 9. VII. 2024, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1987). შოთა რუსთაველის (1985) და კ. მარჯანიშვილის (1987) სახ. სახელმწ. პრემიების ლაურეატი. 1959 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (მ. თუმანიშვილის ჯგუფი). ამავე წლიდან მარჯანიშვილის თეატრის, შემდეგ (1967-იდან) გ. ლორთქიფანიძის თაოსნობით რუსთავში ჩამოყალიბებული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. 1970–75 მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, 1975-იდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში დაბრუნდა.
მარჯანიშვილის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: თამრიკო (ა. ზაკისა და ი. კუზნეცოვის „ორი ფერი“), ხატია (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), ფიბი (ჯ. სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“), რუსუდანი (ჯ. ქარჩხაძის „დევიძეების ოჯახი“), მაკა (თ. ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგუსტინა (რ. ტომას „რვა მოსიყვარულე ქალი“), ნორა (ლ. მალაზონიას „რეფორმატორი“), მისის კუიკლი (უ. შექსპირის „ფალსტაფი“), ადელაიდა სკიანო (ე. დე ფილიპოს „ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი“) და სხვ.
მნიშვნელოვანი კინოროლებია: ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1983). გადაღებულია ფილმებში: „შეხვედრა წარსულთან“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1966), „ტარიელ გოლუა“ (რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968), „ზოია რუხაძე“ (რეჟ. დ. რონდელი, 1971), „ერთ პატარა ქალაქში“ (1985), „თეთრი ბაირაღები“, „პრემიერა“ 1991, სამივეს რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), „ღმერთო, რისი გულისთვის... – უმადური“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 2003) და სხვ. მონაწილეობდა ქართულ ტელესერიალებში.
კ-ის მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებული როლები ხასიათდება შესრულების რეალისტური მანერით, შინაგანი დრამატიზმის ძუნწი, თავშეკავებული გამომსახველობით.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). არის ბორჯომის (2005) და ჯეიმს თაუნის (აშშ., 1991) საპატიო მოქალაქე.
ლიტ.: ღონღაძე ლ., ქეთევან კიკნაძე, თბ., 2000.