კილაძე კლაუს ვარლამის ძე (8.IX. 1926, სოფ. მამათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 20. II. 2018, თბილისი), გვირაბმშენებელი, საქართვ. დამს. ინჟინერი (1971), საქართვ. ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკად. ნამდვილი წევრი (2004). 1949 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ყაზახეთში 450 კმ სიგრძის რკინიგზის („მონტი-ჩუ“) მშენებლობის უფროსად. 1954–57 მონაწილეობდა დას. ციმბირში რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაში.
1958–76 კ-მ მუშაობდა „თბილმეტრომშენში“ სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ორთაჭალის ხიდი-აკვედუკი, მეტროს სადგურები თბილისსა („ვაგზლის მოედანი“, „ნაძალადევი“) და მოსკოვში. ხელმძღვანელობდა მაღალმთიან ზონაში, ცხრაწყაროს უღელტეხილზე (ბორჯომის მუნიციპ.) საქართვ. მეცნ. აკად. კოსმოსური სხივების ლაბორ. კომპლექსის (იხ. „ცხრაწყარო“) მშენებლობას, სადაც დამონტაჟდა მსოფლიოში უდიდესი, 1100 ტ მასის მაგნიტი; 1976–91 მუშაობდა საქართვ. მინისტრთა საბჭოს აპარატში, მონაწილეობდა გარდაბნის გამწმენდ ნაგებობათა კომპლექსის, წყალმომარაგების ობიექტების რეკონსტრუქციასა და მშენებლობას. 1991-იდან ეწეოდა სამეცნ.-კვლ. საქმიანობას.
მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები ყაზახეთსა და საქართველოში, მ.შ. ღირსების ორდენი (2006).