დოსითეოს (Dositheos) II ნ ო ტ ა რ ა (1 ან 31. V. 1641, პელოპონესის სოფ. არახოვო, – 7. II. 1707, კონსტანტინოპოლი), იერუსალიმის ბერძენი პატრიარქი (1669– 1707), იყო პატრიარქ პაისიოსის დიაკვანი (1657), პატრიარქ ნექტარიოსის არქიდიაკვანი (1661) და მისი უახლოესი და სანდო ადამიანი.
1666 წ. 23 ოქტ-იდან იყო პალესტინის კესარიის მიტროპოლიტი, 1669 წ. 23 იანვ-იდან – იერუსალიმის პატრიარქი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით 1672 მარტში მოწვეული იქნა იერუსალიმის საეკლესიო კრება. იერუსალიმის სიწმინდეების დასაცავად და შესანახად, ლათინებისა და სომხების წინააღმდეგ საბრძოლველად გამუდმებით უხდებოდა აუცილებელი თანხების მოპოვება, რისთვისაც მოგზაურობდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ქვეყნებში.
25 წლის განმავლობაში ებრძოდა სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას. იყო ფრიად განსწავლული თეოლოგი, ლიტერატორი და ისტორიკოსი, კათოლიციზმის წინააღმდეგ დაწერილი მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ქ. იასში ბერძნული სტამბის დამაარსებელი და გამომცემელი.
დ. II ორჯერ (1658 პატრიარქ პაისიოსთან ერთად და 1681, როგორც პატრიარქი) იმყოფებოდა საქართველოში მოწყალების მოსაკრებად და იერუსალიმის ქართ. მონასტრების ვალებიდან დასახსნელად აუცილებელი თანხის მოსაპოვებლად. გიორგი XI-სთან და ქართლის საერო და სას. დიდებულებთან გააფორმა „პირობის წიგნი", რ-ითაც ქართ. მხარე უზრუნველყოფდა იერუსალიმის დავალიანებული ქართ. ეკლესია-მონასტრების თანხის გადახდას.
დ. II-მ საბოლოოდ მართლაც დაიხსნა ქართ. მონასტრები, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ისინი იერუსალიმის ბერძნ.-მართლმადიდებლური საპატრიარქოს საკუთრებად აქცია. ფრიად საინტერესოა დ II-ის, როგორც ისტორიკოსის შემოქმედება. მას ეკუთვნის რამდენიმე საისტ. თხზულება. საქართვ. ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „იერუსალიმის პატრიარქების ისტორიას", რ-იც გამოქვეყნდა ბერძნ. ენაზე 1717, მისი გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე.
XVII ს. საქართვ. პოლიტ. და კულტ. ისტორიის უძვირფასესი წყაროა მისი ეპისტოლეები საქართვ. მეფეებისა (არჩილ II, ერეკლე I, ვახტანგ VI) და იმერეთის კათოლიკოს გრიგოლისადმი.
თხზ.: Περί τώv έυ Ίεροσολϋμοις πατριαρχεισάντων, Bucarest, 1715.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., საქართველო–იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVII სს.), თბ., 2008.
ე. მამისთვალიშვილი