კილიკი (ბერძნ. kylix), 1. ძველი ბერძნული ქუსლიანი საღვინე თასი, რ-საც ჰორიზონტალურად მიმაგრებული 2 ყური აქვს. ამზადებდნენ თიხისგან ან ლითონისაგან. თიხის კ-ები ხშირად მოხატული იყო. ცნობილია ძვ. წ. VI ს. კორინთული, ძვ. წ. VI–IV სს. ატიკური შავ- და წითელფიგურიანი, აგრეთვე შავლაკიანი კ-ები. ზოგი მათგანი ცნობილი ბერძენი მხატვარ-კერამიკოსების მოხატულია და ხელოვნ. შედევრს წარმოადგენს.
ძვ. ბერძნ. კ-ები (მ. შ. მოხატული) დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ საქართველოშიც – აღმოჩნდა ვანში, ითხვისში, დაბლაგომში, ფიჭვნარში და სხვ. ძვ. წ. V–IV სს. ვერცხლის კ-ები გვხვდება ვანის მდიდრულ სამარხებში; 2. ბეწვიანი ტყავის ნაგლეჯი, იგივე ხალიჩა (ფლასი ბალნისა, ს.-ს. ორბელიანი). მოხსენიებულია „წმ. შუშანიკის წამებასა“ და „წმ. ნინოს ცხოვრებაში“.
ლიტ.: ორბელიანი ს.-ს., სიტყვის კონა: ქართული, რომელიც არის ლექსიკონი, თბ., 1993; სარჯველაძე ზ., ძველი ქართული ენის სიტყვის კონა, თბ., 2001; Б л а в а т с к и й В. Д., История античной расписной керамики [М.], 1953.
ი. გაგოშიძე