კილოსანიძე შალვა მიხეილის ძე (12. III. 1907, ქუთაისი, – 12. X. 1989, თბილისი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1950). 1925–28 სწავლობდა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე აღმოსავლეთმცოდნეობის განხრით. პარალელურად მუშაობდა „სახკინმრეწვში“ – იყო რეჟისორის თანაშემწე კ. მარჯანიშვილთან („სამანიშვილის დედინაცვალი“) და ზ. ბერიშვილთან („იბრაჰიმ და გოდერძი“). 1928 შევიდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე. 1931–33 იყო მოსკ. საოლქო ოპერის თეატრის რეჟისორი. 1933–35 მუშაობდა ფოთის თეატრის რეჟისორად, 1935– 36 –„სახკინმრეწვში“ რეჟისორის ასისტენტად („არსენა“, რეჟ. მ. ჭიაურელი); იყო ფილმის „მოგზაურობა არზრუმში“ (რეჟ. მ. ლევინი, ბ. მედვედევი, „ლენფილმი“) რეჟისორ-კონსულტანტი, 1937 – ხელოვნების საქმეთა სამმართველოს განყ-ბის გამგე, 1944 – თბილ. ხელოვნების საქმეთა სამმართველოს თეატრების განყ-ბის გამგე. 1938 მისი ინიციატივით საქართვ. ფილარმონიასთან დაარსდა პირველი საესტრადო სტუდია. 1946–48, თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მთ. რეჟისორად მუშაობის დროს, დადგა ჟ. ვერნის „80 დღე დედამიწის გარშემო“ და ს. მიხალკოვის „წითელი ყელსახვევი“. 1948–52 ხელმძღვანელობდა საქართვ. თეატრ. საზ-ბის შემოქმედებით განყ-ბას, 1953–56 – საქართვ. მინისტრთა საბჭოს კულტურის განყ-ბის ხელოვნებისა და კინოს ჯგუფს. იყო საქართვ. ტელევიზიის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი (1957), გრიბოედოვის თეატრისა (1969–70) და თბილ. ს. ზაქარიაძის სახ. კულტ.- საგანმან. სასწავლებლის დირექტორი (1970–85).