კიმენი (ბერძნ. keimenon), ბიზანტიური სასულიერო მწერლობის ჟანრი, რ-იც ფართოდ იყო გავრცელებული ქართულ ჰაგიოგრაფიაში. შეიცავს წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობების თავდაპირველ, მარტივად აღწერილ და განუმარტავ ტექსტებს. ეფრემ მცირე თვლის, რომ კ., რ-ის ქართ. შესატყვისია „მდებარე“, ეწოდება „პირველ ლიტონად აღწერილსა წიგნსა მოწამეთასა“. ძვ. ქართ. სას. მწერლობაში ამავე ტერმინით მოიხსენიებდნენ ძირითად ბიბლიურ ტექსტს იმ კომენტარებისა და განმარტებებისაგან განსასხვავებლად, რ-ებიც არშიებზე იყო მიწერილი. ბიზანტ. იურისტები კ-ს უწოდებდნენ კანონის ძირითად ტექსტსაც. იოანე ქსიფილინოსი კ-ს მრავალთავთან აიგივებდა. დროთა განმავლობაში კიმენური რედაქციის ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს ცვლიდნენ და ამახინჯებდნენ. განსაკუთრებით საგრძნობი შესწორება-დამატებანი შეიტანეს მწვალებლებმა. ამასთან, წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობის ლიტონი აღწერილობა შუა საუკუნეებში ვეღარ აკმაყოფილებდა ბიზანტ. მკითხველს. X ს-ში დაიწყეს ამ ძეგლების გადამუშავება (იხ. მეტაფრასი). საქართველოში კიმენური თხზულებები ითარგმნა X ს-ში (ტექსტები გამოსცა კ. კეკელიძემ 2 ტომად, 1918, 1946).
ლიტ.: ამირხანაშვილი ი., კანონი როგორც ფუნქცია (კიმენი), „სჯანი“, 2018, №19; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ვ. ბააკაშვილი