კინეპოსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს სამხრ. საქართველოში, ისტ. პროვინცია ტაოში, სოფ. ელმაზუდუს მახლობლად, კინეპოსის წყლის ვიწრო ხეობის კლდოვან ფერდობზე (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია). 1907 კოლა-ოლთისსა და ჩანგლში არქეოლ. ექსპედიციის დროს ძეგლი გამოიკვლია ე. თაყაიშვილმა, გამოაქვეყნა კომპლექსის მთავარი ეკლესიის ანაზომებიც. მის დროს ეკლესიის საკურთხეველში და ჩრდ. კედელზე ჯერ კიდევ შეინიშნებოდა მხატვრობისა და ასომთავრული წარწერის კვალი. კ-ის ეკლესია IX–X სს. ძეგლია. არის „ნახევრადთავისუფალი“ ჯვრის ტიპის ნაგებობა (ტეტრაკონქი პასტოფორიებით). საკურთხევლის აფსიდის წინ ბემაა, ამიტომ აღმ.- დას. ღერძი ჭარბობს მეორე ღერძს. საკურთხევლის აფსიდი ქმნის გარეთ ხუთწახნაგა შვერილს, დანარჩენი აფსიდები სწორი კედლის უკან იმალება. პასტოფორიები გვერდის აფსიდებს უკავშირდება და არა უშუალოდ გუმბათქვეშა კვადრატს. რვა სარკმლიანი გუმბათის ყელი შიგნიდან მრგვალია, გარედან რვაწახნაგოვანი. გუმბათი პანდანტივებს ეყრდნობოდა, ანუ აქ გამოყენებული იყო ახლებური კონსტრუქცია, თუმცა გარედან მისი ფორმაც და პროპორციაც ჯერ კიდევ წინა ეპოქის გუმბათიანი ძეგლების ფორმებს იმეორებს. ეკლესია ნაგებია რუხი ფერის უხეშად დამუშავებული მომცრო ზომის კვადრებით. წყობაში რიგების ჰორიზონტალურობა დაცულია. ჩუქურთმის ან რაიმე პლასტიკური მორთულობის კვალი არა ჩანს. ჩრდ.-ით მიშენებული აქვს კვადრატული ოთახი და ორი ერთნავიანი სამლოცველო. ამჟამად მთავარი ეკლესიის გუმბათი, მინაშენი, დას. და სამხრ. აფსიდები დანგრეულია. მონასტრის მთავარი ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები. ყველა შენობა გადახურული ყოფილა კრამიტით. აქვე შემონახულია რამდენიმე დამხმარე ნაგებობის ნანგრევი.
ლიტ.: ბაგრატიონი გ., მოგზაურობა თურქეთში. – ძეგლის მეგობარი, 1996, №1–2; ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ.: 1, 2, თბ., 2014; თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები, თბ., 2017.
თ. გერსამია