კინოკომედია

კინოკომედია. კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე". მსახიობები:
გ. შ ა ვ გ უ ლ ი ძ ე – ნიკო,
ვ. გ ო ძ ი ა შ ვ ი ლ ი – სიკო.
რეჟისორები: ვ. ტ ა ბ ლ ი ა შ ვ ი ლ ი,
შ. გ ე დ ე ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი. 1948.

კინოკომედია, კინოხელოვნების ჟანრი. ენათესავება კომედიის ჟანრს დრამატურგიაში (იხ. კომედია). არსებობს კინოკომედიის მრავალი სახეობა, რომელიც განისაზღვრება მასალისადმი ავტორისეული დამოკიდებულების ხასიათით (ლირიკული, რომანტიკული, სატირული კომედია, კინოპაროდია და სხვ.) და პირობითობის ხარისხით (ექსცენტრიკული, ფანტასტიკური, მუსიკალური კომედია, კინოვოდევილი და სხვ.).

კ-ს კინემატოგრაფთან ერთად საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი („გაწუწული მრწყველი“, 1895, რეჟ. ლ. ლიუმიერი). ადრეული კინოკომედიები – „კომიკურები“ - იყენებდნენ ცირკისა (კლოუნდა, ექსცენტრიკა) და ვარიეტეს ჟანრულ ფორმებს, მიმართავდნენ ვოდევილის და თეატრ. კომედიის პრინციპებს. ნიღბების კომედიის პრინციპით შექმნილი პერსონაჟები ფილმიდან ფილმში გადადიოდნენ („კომიკურების“ სერია ანდრე დიდის მონაწილეობით).

ფრანგულმა კომიკურმა სკოლამ, რ-ის ფილმებში კინემატოგრაფისათვის დამახასიათებელი გარეგანი დინამიზმი კომიზმამდეა გამძაფრებული (ჟ. მელიესის ფანტასტიკური ფერიები) საფუძველი ჩაუყარა კ-ის დამოუკიდებელ პოეტიკას. კ. იმთავითვე მასობრივი კულტ., „გართობის ინდუსტრიის“ ერთ-ერთ წამყვად ჟანრად ჩამოყალიბდა. XX ს. 10-იან წლებში მ. ლინდერმა კ. გონებამახვილური ტრიუკებით გაამდიდრა, შემოიტანა მასში სატირის ელემენტები და კომიკოსთაგან პირველმა შექმნა ჟანრისთვის გარეგნულად შეუფერებელი პერსონაჟი (სახე-ნიღაბი). ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ამერ. კომიკური სკოლა, რ-მაც ფრანგ. კინოსკოლის გამოცდილება გაიზიარა. სტუდია „კისტოუნის“ კომედიებში (რეჟ. მ. სენეტი) გაჩნდა კომიკური ტრიუკები („გეგები“). ამერ. „კომიკურებში“ მთავარ როლებს ასრულებდნენ პოპულარული მსახიობები: ბ. კიტონი, ჰ. ლოიდი და სხვ. ამ პერიოდში თავისი კინოკარიერა დაიწყო ჩ. ჩაპლინმა, რ-ის შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობა კ-ის განვითარების მთელ ეპოქას მოიცავს. XX ს. 20-იან წლებში პოპულ. „სალონური კომედიის“ პარალელურად რიგ ქვეყნებში წინა პლანზე გამოდის ექსცენტრიკული კ. სატირის ელემენტებით (საფრანგეთში – რეჟ. რ. კლერი, რუსეთში – რეჟ. ლ. კულეშოვი, ი. პროტაზანოვი).

კადრი ფილმიდან "უდიპლომო სასიძო", მსახიობები
(მარცხნიდან):
ა. კ ვ ა ნ ტ ა ლ ი ა ნ ი – ვარდენი,
ვ. ნ ი ნ უ ა – ნიკოლოზი,
ა. ვასაძე – პარმენი.,
რეჟისორი
ლ. ხ ო ტ ი ვ ა რ ი, 1961.

კინოფილმების გახმოვანების შემდეგ, XX 30-იან წლებში კ. მდიდრდება ვერბალური იუმორით და ავითარებს თეატრისა და ვოდევილის ტრადიციებს. ამერიკ. კ-ებში მონაწილეობენ თეატრისა და მიუზიკ-ჰოლის მსახიობები (მ. უესტი, ძმები მარქსები, ს. ლაურელი და ო. ჰარდი და სხვ.). ე. წ. „მსუბუქ“, „შერეკილ“ კ-ებში ჩნდება სოც. კრიტ. მოტივები (რეჟ. ფ. კაპრა), პოპულარული ხდება მუს. კ. (ამერიკაში – პირველი მიუზიკლები, რუსეთში – გრ. ალექსანდროვის მუს. კინოკომედიები).

II მსოფლიო ომის შემდგომ, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, კ. ისწრაფვის სტილისტური მრავალფეროვნებისაკენ, მასში ძლიერდება საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი მოტივები. პოლიტ. საზოგადოებრივი და სოც. ცვლილებების, ტრადიციულ ღირებულებათა გადაფასების კომედიურმა აღქმამ მსოფლიო კინოხელოვნებას მისცა სხვადასხვა ემოციური შეფერილობა.

საქართველოში კ-ის ჩამოყალიბება XX ს. 20-იან წლებში ლიტ. ნაწარმოებების ეკრანიზებით დაიწყო (ა. ცაგარლის „ხანუმა“, რეჟ. ა. წუწუნავა; დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რეჟ. კ. მარჯანიშვილი). ტრადიციული ღირებულებების უარყოფის, სოციალ. ცხოვრების წესისა და ახალი ეთიკური ნორმების დამკვიდრების პირობებში კ. საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა. XX ს. 20–30-იან წლებში ორიგინალური სცენარებით შექმნილ კ-ებში ჭარბობს სატირა, რ-ის მახვილი წარსულის გადმონაშთების („ახალგაზრდობა იმარჯვებს“, რეჟ. მ. გელოვანი; „ნახვამდის“, რეჟ. გ. მაკაროვი), საზოგადოების ყოფასა და აზროვნებაში დამკვიდრებული მანკიერებების („ხაბარდა“, რეჟ. მ. ჭიაურელი; „ნამდვილი კავკასიელი“, რეჟ. მ. გელოვანი) წინააღმდეგ არის მიმართული.

კადრი ფილმიდან "არ იდარდო". მსახიობები
(მარცხნიდან):
ი. ხ ვ ი ჩ ი ა – სანდრო,
ს. ჭ ი ა უ რ ე ლ ი
– სოფიკო,
ს. ზ ა ქ ა რ ი ა ძ ე – ლევან ცინცაძე,
ა. ლ ო რ ი ა – პავლე.
რეჟისორი გ. დ ა ნ ე ლ ი ა. 1969.

ამავე პერიოდში შეიქმნა ქართ. კ-ის ბრწყინვალე ნიმუშები, საბჭ. ბიუროკრატიის მამხილებელი სატირული კომედიები: „ჩემი ბებია“ (ასახულია საქართვ. მოდერნისტული კულტურა; რეჟ. კ. მიქაბერიძე) და „დაკარგული სამოთხე“ (რეჟ. დ. რონდელი); ამ ფილმის პოეტიკა დაკნინებული თავადაზნაურობის ყოფამ და კოლორიტმა განსაზღვრა.

II მსოფლიო ომის შემდგომ, ე. წ. „დათბობის“ ხანაში, იდეოლოგიური წნეხის შესუსტებამ გავლენა იქონია კ-ის ხასიათზე. წინ წამოიწია მუს. და ყოფითი კ-ები: „ქეთო და კოტე“ (რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი), „ჭრიჭინა“ (რეჟ-ები: ს. დოლიძე, ქ. ხოტივარი), „აბეზარა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი), „წარსული ზაფხული“ (რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია), „უდიპლომო სასიძო“ (რეჟ. ლ. ხოტივარი); „თოჯინები იცინიან“ (რეჟ. ნ. სანიშვილი). იუმორი კეთილი, თბილი და თანამგრძნობი გახდა; აღორძინდა კომედიური პიესების ეკრანიზაციის („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რეჟ. მ. ჭიაურელი) და ხალხური ყოფის ამსახველი კ-ის ტრადიცია („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რეჟ. თ. აბულაძე).

კადრი ფილმიდან "შერეკილები". მსახიობები: ა. შ ე ნ გ ე ლ ა ი ა
– მარგალიტა,
დ. ჟ ღ ე ნ ტ ი – ერთაოზ ბრეგვაძე,
ბ. წ ი ფ უ რ ი ა – ციხის უფროსი,
რეჟისორი ე. შენგელაია, 1973.

ქართ. კინო ხშირად მიმართავდა კ-ს სერიოზული პრობლემების წამოსაჭრელად, რისთვისაც ავტორები იყენებდნენ ჟანრის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. ე. შენგელაიას კ-ებისთვის დამახასიათებელია წარმოსახვის ფართო დიაპაზონი – გროტესკიდან ტრაგიკომედიამდე („არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“) და აბსურდის კომედიამდე („ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „სავარძელი“); მ. კობახიძე („ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“) და ქ. ხოტივარი („სერენადა“) მიმართავენ უხმო, ექსცენტრიკული „კომიკურის“ ტრადიციებს; რ. ესაძისა („წკიპურტები“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნეილონის ნაძვის ხე“) და ი. კვირიკაძის („ქალაქი ანარა“) კ-ებში საზ-ბის მორალურ-ეთიკური და სოც. კრიტიკა შეზავებულია გროტესკთან, ბურლესკთან და აბსურდული იუმორის ელემენტებთან.

კადრი ფილმიდან "იმერული ესკიზები", მსახიობები:
ნ. მ ჭ ე დ ლ ი ძ ე – ბებია,
ნ. ქ ვ ა თ ე ლ ა ძ ე – ანა, ა.
რეჟისორი ნ. მ ჭ ე დ ლ ი ძ ე, 1979.

პოპულარული ქართული კ-ებია: „პირველი მერცხალი“, „იმერული ესკიზები“ (რეჟ. ნ. მჭედლიძე), „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟ. გ. შენგელაია), „ქვევრი“ (რეჟ. ი. კვირიკაძე), „რეკორდი“, (რეჟ. გ. პატარაია), „ღვინის ქურდები“, (რეჟ. ვ. კვაჭაძე), „ადამიანთა სევდა“, „სამოთხის გვრიტები“, „მიჯაჭვული რაინდები“ (რეჟ. გ. ჩოხელი) და სხვ. ქართული კ-ის ჟანრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს კინოდრამატურგებმა: გ. მდივანმა, რ. გაბრიაძემ, ლ. ჭელიძემ, რ. ჭეიშვილმა ს. ჟღენტმა და სხვ. დაუვიწყარი კომედიური სახეები შექმნეს: ც. წუწუნავამ, ა. ჟორჟოლიანმა, ვ. გოძიაშვილმა, ა. კვანტალიანმა, ე. მანჯგალაძემ, ი. ხვიჩიამ, ს. თაყაიშვილმა, დ. აბაშიძემ, კ. კავსაძემ, ი. საყვარელიძემ, გ. ქავთარაძემ და სხვ.

მ. კერესელიძე