კონდაკი (ბერძნ. კონტაკიონ < კონტოს – ჯოხი), ჟამისწირვა, ბიზანტიური საეკლესიო პოეზიისა და მუსიკის ჟანრი. მისი ფუძემდებელია რომანოზ მელოდოსი (VI ს. I ნახ.; მიეწერება 1000-ზე მეტი საგალობელი, რ-თაგან ცნობილია 85-მდე). კ. პოეტური ჰომილიაა და შედგება 18–20 ერთნაირი სტრუქტურის სტროფისაგან. VIII ს-ში კ. განდევნა კანონმა, დაიწყო კ-ის მელოდიკის განვითარება და სტროფების რაოდენობის შემცირება. XI ს-ში კ-ის მელოდიკა იძენს მელიზმურ ხასიათს.
კ. აგრეთვე ეწოდება ლიტურგიულ კრებულს, რ-იც შეიცავს წირვის წესსა და ღვთისმსახურების სხვადასხვა რიტუალთან დაკავშირებულ ლოცვებს (იხ. ლოცვანი). ტექსტი იწერებოდა ერთმანეთზე გადაკერებული ეტრატის ვიწრო ფურცლებზე, რ-საც ჯოხზე ახვევდნენ. აქედან წარმოდგა კ-ის სახელწოდებაც. X ს-იდან სამღვდელო კ-გან განსხვავებით შეიქმნა მაღალი რანგის სამღვდელო პირთათვის განკუთვნილი კრებული, რ-საც არქიერატიკონს უწოდებდნენ (XI ს. ხელნაწერი, ხელნაწ. ეროვნ. ცენტრი, A–86).
თანამედროვე მნიშვნელობით კ. არის ერთსტროფიანი საგალობელი, რ-იც ჩაერთვის კანონის VI გალობის შემდეგ და სრულდება ღვთისმსახურებაზე.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; შუღლიაშვილი დ., ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა, თბ., 2014., Kекелидзе K., Древно-грузинский архиератикон,Тфл., 1912; მისივე, Иерусалимский канонарь VII века (грузинская версия), Тфл., 1912.