კინომსახიობთა სახელმწიფო დრამატული თეატრი

კინომსახიობთა სახელმწიფო
დრამატული თეატრის ლოგო.

კინომსახიობთა სახელმწიფო დრამატული თეატრი მ. თუმანიშვილის სახელობისა. გაიხსნა 1978 წ. 14 იანვარს თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე მ. თუმანიშვილის სპექტაკლით „ესმერალდა“ (დრამატურგი – ლ. ჭელიძე). თეატრს გადაეცა „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე მდებარე კინოსაპროექციო დარბაზი. მ. თუმანიშვილის ახალ თეატრს არ ჰქონდა კულისები, მბრუნავი წრე და ფარდა. სცენა თითქოს ყველა მხრიდან გაშიშვლდა და გაიხსნა. რეჟისორმა გააგრძელა და სრულად გამოიყენა თეატრ. ინ-ტში ჩამოყალიბებული პრინციპები და მეთოდები, რ-თა ბოლომდე რეალიზების საშუალება არც რუსთაველის თეატრში ჰქონდა და არც ინ-ტის სახელოსნოში. ახალი სივრცე კი დაწყებული ძიების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.

თეატრს თავიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო უწოდეს, შემდეგ – „კინომსახიობთა თეატრი“, რ-საც მ. თუმანიშვილის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა (1996). თეატრის მთ. მხატვრად დაინიშნა კ. ქორიძე, სალიტ. ნაწილის გამგედ – ლ. თაბუკაშვილი. ეს იყო თეატრი-ლაბორატორია, რ-ის ამოცანა მსახიობთან მუშაობა და სამსახიობო ხელოვნების ოსტატობის დონის დახვეწა-განვითარება იყო.

სუკინომსახიობთა სახელმწიფო დრამატული თეატრი

ახალი თეატრის ჩამოყალიბებას 1974-იდან ბიძგი მისცა სამსახიობო და სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტების ექსპერიმენტულმა ჯგუფმა, რ-საც „მე-11 აუდიტორია“ ეწოდებოდა (მ. თუმანიშვილის სალექციო აუდიტორიის ნუმერაციის მიხედვით). აქ მომზადდა მრავალი საკურსო სპექტაკლი. სწორედ ეს და შემდეგ მ. თუმანიშვილისა და მისი მოწაფეების რამდენიმე სპექტაკლი (1978–80, 1991 – წლებში მ. შისგალის „ვეფხვი“, მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, „ბნელ ოთახში“, რ. ერისთავისა და ა. ეიქბორნის მიხედვით, ო. სოსინის „გამოაფხიზლეთ მთვლემარენი“) იქცა ახალი თეატრის არსებობისა და წარმატების საფუძვლად, მისი სახის განმსაზღვრელად.

კ. ს. დ. თ-ში მ. თუმანიშვილმა დადგა შემდეგი სპექტაკლები: მოლიერის „დონ ჟუანი“, დ. კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“, ა. სუხოვო-კობილინის „საქმე“, ლ. თაბუკაშვილის „ნატაძრალი“, მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, თ. უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“ (რ. გაბრიაძის გადმოქართულებული ვერსია), ე. დე ფილიპოს „ცილინდრი“, ნ. გოგოლის „შეშლილის წერილები“, უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, ჟ. ჟიროდუს „ამფიტრიონი 28“.

XX ს. 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა, ავსტრალია და საერთაშ. აღიარებაც მოიპოვა.

კ. ს. დ. თ-ში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ მ. თუმანიშვილისა და ლ. იოსელიანის აღზრდილი რეჟისორებისა და მსახიობების რამდენიმე თაობა, მ.შ. ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქ. დოლიძე, ნ. კვასხვაძე, გ. მარგველაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე, მ. ანასაშვილი, ო. ეგაძე, გ. სიხარულიძე, ზ. გეწაძე, ი. ჟღენტი, გ. იაშვილი, დ. საყვარელიძე, კ. აბაშიძე, დ. დოიაშვილი და სხვ.

კ. ს. დ. თ. მუდმივად აძლევს სპექტაკლების დადგმის უფლებას სხვადასხვა ხელწერისა და თაობის დამოუკიდებელ რეჟისორებს [გ. ქავთარაძე, კ. მირიანაშვილი, ც. კობიაშვილი, მ. ტყემალაძე, გ. აფხაზავა, მ. ტყეშელაშვილი, ი. გურგენიძე, ნ. ჩაკვეტაძე (მისი სპექტაკლით „სუფთა სახლი“ გაიხსნა ექსპერ. მცირე სცენა, 2015)].

სხვადასხვა დროს კ. ს. დ. თ-ში მოღვაწეობდნენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები: ე. მანჯგალაძე, გ. გეგეჭკორი, ი. საყვარელიძე და სხვ. ბოლო წლებში, რეჟისურით დაინტერესდნენ თეატრის მსახიობები: რ. ბოლქვაძე, ნ. ბურდული, ლ. კეკელიძე.

2000-იდან თეატრში დამკვიდრდა უცხოელი რეჟისორების მიწვევის პრაქტიკაც [მ. მარმარინოსი (საბერძნეთი), გ. მასტერსონი, ჰ. ვუდი (დიდი ბრიტანეთი), მ. პანელა (იტალია)].

მ. თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები იყვნენ: გ. მარგველაშვილი (2005–09), ქ. დოლიძე (2009–10, 2012), ზ. გეწაძე (2010–12), 2017–21 – გ. სიხარულიძე.2022-იდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ვ. ხუციშვილი. დასში ირიცხებიან სხვადასხვა თაობის მსახიობები: ნ. ჭანკვეტაძე, გ. ნაკაშიძე, გ. აბესალაშვილი, რ. ბოლქვაძე, ზ. მიქაშავიძე, ნ. ბურდული, ნ. ლითანიშვილი, ნ. ჩხეიძე, ბ. ჯუმუტია, ლ. რეხვიაშვილი, ლ. კაპანაძე, ზ. ყიფშიძე, დ. ჯოჯუა, ე. ჩხეიძე, ვ. თარხნიშვილი, გ. ყიფშიძე, ქ. ასათიანი, გ. კახიანი, გ. პიპინაშვილი, ნ. წერედიანი, ე. ანდრონიკაშვილი, ვ. დუგლაძე, ნ. შონია, ა. ბიბინეიშვილი, თ. ბზიავა, პ. ინაური, კ. კალატოზიშვილი, ქ. შათირიშვილი და სხვ.

ლ. ოჩიაური