კონდაკოვი ნიკოდიმე პავლეს ძე [1(13). 1844, სოფ. ხალანი, ნოვი-ოსკოლის მაზრა, კურსკის გუბ., – 17.II. 1925, პრაღა], რუსი ხელოვნების ისტორიკოსი. სანქტ-პეტერბურგის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1898), პეტერბ. სამხატვრო აკად. წევრი (1893). სწავლობდა მოსკ. უნ-ტში (1861– 65). ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიისკისა (1870–88) და სანქტ-პეტერბურგის (1888–1917) უნ-ტებში. 1920 წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, შემდეგ – სოფიაში. 1922-იდან ასწავლიდა პრაღის უნ-ტში. უმთავრესად იკვლევდა ბიზანტიური და ძველი რუს. ხელოვნ. ძეგლებს. დაამუშავა ხელოვნ. ნაწარმოებთა შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი, ანალიზი გაუკეთა ძეგლთა ტიპოლოგიურ თავისებურებებს.
კ. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართება ბიზანტ. კულტურასთან. ზოგიერთი შეცდომის მიუხედავად, ქართული ხელოვნების შესწავლა მაღალ მეცნიერულ დონეზე აიყვანა. მისი ნაშრომი „საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცულ სიძველეთა ძეგლების აღწერილობა“ დღესაც ინარჩუნებს გარკვეულ მეცნ. ღირებულებას. კ. 1918 წლის 27 თებერვალს აირჩიეს თსუ-ის საპატიო დოქტორად.
თხზ.: Древняя архитектура Грузии, М., 1876; Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890 (ქართული წარწერების განმარტება დ. ბარბაქაძისა); Иконография Богоматери, т. 1–2, СПб., 1914–15.
ლიტ.: გაიპარაშვილი ზ., ლილუაშვილი მ., „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917–1926“, თბ., 2006 ჩუბინაშვილი გ., ნიკოდიმე კონდაკოვი (1844–1925), მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა, „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1926, ტ. 6.
თ. დვალი