კონდახსაზოვი რობერტ აბგარის ძე

რ. კო ნ დ ა ხ ს ა ზ ო ვ ი. ყვავილები. 1990

კონდახსაზოვი რობერტ აბგარის ძე (26.VII.1937, თბილისი, – 10. VI. 2010, მოსკოვი), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1982). 1957–63 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკ-ტზე. იყო ტექნიკური ესთეტიკის საკავშ. ინ-ტის თბილ. ფილიალის პოლიგრაფიის განყ-ბისა და თბილ. ქართ. თოჯინების თეატრის მთ. მხატვარი. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1964- იდან. პერსონალური გამოფენები ჰქონდა მხატვრის სახლში (1989); ხსოვნის პერსონალური გამოფენა – კავკასიურ სახლში (2010; ორივე თბილისი); „არსი და ფორმა“ (SAR Galery, ერევანი, 2018) და სხვ.; გამოფენები: „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (მოსკოვი, 1987), ქართველი მხატვრების რეტროსპექტული გამოფენა (მხატვრის ცენტრ. სახლი, მოსკოვი, 1988), „ქართველი მხატვრები სომხეთში“ (ერევანი, 1996) და სხვ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. ძირითადი ნამუშევრები: „ალუბლისფერი ხავერდის სუფრა“ (1978), „ბროწეული“, „დინარას პორტრეტი“, „სამი საგანი შავ ფონზე“ (1979), „წითელი სახარება“ (1984), „შობა“ (1987), „გამოცხადება“ (1990), „ნარიყალა გოგილოს აბანოდან“, „პარისის სამსჯავრო“ (1994), „თეთრი ნატიურმორტი“, „კენტავრი“, „ტაძარი“, (1996), „აღდგომა“, „ჭურჭელი“, „აბანო“ (1998). „მოდელი“ (2001), „შიშველი ქალის ფიგურა“ (2004), „ყვავილები“ (2005), „ძველი ქალაქი“ (2007).

თ. გერსამია