კინოფესტივალი (<ბერძნ. kineō – ვმოძრაობ და ფრანგ. festival – დღესასწაული, ზეიმი), კინოხელოვნების მიერ შექმნილი ნამუშევრების ჩვენება, დათვალიერება საზეიმო ვითარებაში. კ-ის შემადგენელია ფილმების საჯარო ჩვენება და კონკურსი (ფილმებს აფასებს ექსპერტთა ჟიური), რ-ის შედეგების მიხედვით ფილმის შემქმნელებს (რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს, კინოოპერატორებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს და სხვ.) აჯილდოებენ პრიზებითა და დიპლომებით. არსებობს კ-ის სხვადასხვა ფორმა: საერთაშორისო, ეროვნული, სპეციალიზებული, თემატური და სხვ. მისი ტრადიციული ფორმაა საერთაშ. კ. (სხვადასხვა ქვეყნის კინოხელოვნების მიღწევათა დათვალიერება), რ-იც პირველად ჩატარდა 1932 ვენეციაში (იტალია). საფესტივალო მოძრაობის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საერთაშ. კ. მოსკოვსა (1935) და მსოფლიო გამოფენაზე პარიზში (1937). II მსოფლო ომის დროს კ-ები არ ჩატარებულა (კანის საერთაშ. კ-ის გახსნა დაგეგმილი იყო 1939 წ. 1 სექტემბერს), განახლდა მხოლოდ 1946-იდან. საერთაშ. კ-ები ტარდება ევროპის, ჩრდ. და სამხრ. ამერიკის, აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის მრავალ ქვეყანაში. კინოპროდიუსერთა ასოციაციების საერთაშ. ფედერაციის (FIAF) მიერ შემუშავებულია მათი ჩატარების წესები, რ-თა დაცვა განსაზღვრავს კ-ის პრესტიჟს. საერთაშ. ფედერაციის მიერ აკრედიტებული წარმომადგენლობითი კინოფორუმებია: ვენეციის (იტალია), კანის (საფრანგეთი), ბერლინის (გერმანია), მოსკოვის (რუსეთი), კარლოვი-ვარის (ჩეხეთი), შანხაის (ჩინეთი), ლოკარნოს (შვეიცარია), მონრეალის (კანადა), სან-სებასტიანის (ესპანეთი), ვარშავის (პოლონეთი), ტოკიოს (იაპონია), კაიროს (ეგვიპტე), მარ-დელ-პლატას (არგენტინა), ტალინის (ესტონეთი), გოას (ინდოეთი) საერთაშ. კ-ები, აგრეთვე დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალები ტამპერეში (ფინეთი), ობერჰაუზენში (გერმანია), კრაკოვში (პოლონეთი), ბილბაოში (ესპანეთი) და სხვ. განვითარებული კინემატოგრაფიის მქონე ქვეყნებში ტარდება ეროვნ. კ-ები (მიღწევათა დათვალიერებისა და შემდგომი განვითარების ტენდენციების გამოვლენის მიზნით), რ-ებიც დროთა განმავლობაში ეროვნ. კინოაკადემიების ყოველწლიურმა პროფესიულმა პრემიებმა ჩაანაცვლა.
საქართველოში 1974–83 წლებში (ორ წელიწადში ერთხელ) ტარდებოდა ქართული ფილმების რესპუბლიკური კ. XX ს. 90-იანი წლებიდან კი ტარდებოდა საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშ. კინოფესტივალი (სკფ) „ოქროს არწივი“ (1992–97), თბილისის საერთაშ. კინოფესტივალი „პრომეთე“ (2000-იდან), საავტორო კინოს ბათუმის საერთაშ. კინოფესტივალი (2006-იდან). საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II–ის კურთხევით დაფუძნდა საერთაშ. კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ (2006-იდან), სტუდენტური ფილმების სკფ „ამირანი“ (1976–86, აღდგა 2007-იდან), კინო- და ტელეოპერატორების საერთაშ. კინოფესტივალი „ოქროს თვალი“ (2009-იდან).
მ. კერესელიძე