კინოწარმოება, კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც მოიცავს მხატვრულ-შემოქმედებით პროცესს, ფილმის შექმნის ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, წარმოების ორგანიზაციას და მზა პროდუქციის ბაზარზე გატანას. ფილმის შექმნის საწარმოო ციკლი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან: დაპროექტება (იდეა და სცენარის შექმნა), მოსამზადებელი პერიოდი, გადაღება, გადაღების შემდგომი პერიოდი, გავრცელება. ფილმის ხასიათი განსაზღვრავს გადამღები ჯგუფის რაოდენობასა და ტიპს. კ. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიასა და კინემატოგრაფიულ ხერხს. თვით პროცესი ხორციელდება სხვადასხვა სახის დაფინანსებით – დაწყებული სახელმწ. მხარდაჭერიდან, მოგებაზე ორიენტირებულ დიდ პროექტებამდე. ზოგიერთ ქვეყანაში ჩამოყალიბდა კ-ის სხვადასხვა მოდელი და სახელმწ. მხარდაჭერის ფორმა.
საქართველოში კინემატოგრაფის არსებობის საწყის ეტაპზე (1910–19) ფილმებს იღებდნენ კინოთეატრებისა და კერძო კინოატელიეთა მფლობელები. 1921 საფუძველი ჩაეყარა სახელმწ. კ-ს (იხ. სტ. კინოხელოვნება). 1921– 91 შეიქმნა სახელმწ. კინოსტუდიები: „ქართული ფილმი“, სამეცნ.-პოპულ. და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე“ და საქართვ. ტელეფილმების სტუდია. მომდევნო წლებში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი შემოქმედებითი სტუდიები და საპროდიუსერო კომპანიები. 2001-იდან კ-ს ნაწილობრივ აფინანსებს (პროექტის ბიუჯეტის 75%-მდე) „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. კ-ის დაფინანსების ალტერნატიული წყაროებია კერძო ბიზნესსექტორი, საერთშ. ფონდები, საერთაშ. ერთობლივი ფილმები.
მ. კერესელიძე