კონდოლი, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე. მდებარეობს მდ. წისქვილისწყლის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 460 მ. თელავიდან 6 კმ. 2,2 ათ. მცხ. (2014).
კ. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სამეფო აღწერითა და გარკვეული დაჯგუფებით იგი შუამთის მხარის სოფლადაც განიხილებოდა.
ეპარქიულად კ. ჭერემის საეპისკოპოსოში შედიოდა. საეპისკოპოსოს მოშლის შემდეგ, 1757 თეიმურაზ II-მ იგი კისისხევთან ერთად ამბა ალავერდელს დაუქვემდებარა, რ-საც სოფლის სამართავად თავისი მოურავი, ნაცვალი და მოურავის მდივანი ჰყავდა დანიშნული. ეს მოხელეები, თავის მხრივ, აქ საკუთარ ყმა-გლეხებსაც ფლობდნენ. შემდგომში კ-ში ალავერდის მონასტერთან ერთად ყმა-მამულს დაეუფლნენ (ჩოლოყაშვილები, თუმანიშვილები, ესიტაშვილები, ჯორჯაძეები და სხვ.).
სამეურნეო თვალსაზრისით კ. საკმაოდ ძლიერი დასახლება იყო. სოფლის მიწები კარგად ირწყვებოდა მდ. კისისხევიდან. აქ მისდევდნენ მემინდვრეობას, მებაღეობას და მევენახეობა-მეღვინეობას. ვახუშტი ბატონიშვილი საგანგებოდ აღნიშნავდა კ-ში დაყენებული ღვინის განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხს.
სოფელში და მის შემოგარენში არის მრავალი არქიტ. ძეგლი: კვირაცხოვლის (წარწერის თანახმად აგებულია 1871), გვიანდ. შუა საუკუნეების მაცხოვრის, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის, ნათლისმცემლის (IX–X სს.), შუა საუკუნეების საბერეების, გვიანდ. შუა საუკუნეების და 1860 აშენებული წმ. გიორგის ეკლესიები აქვე მდებარეობს კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ: 2, თბ., 2015.