კინტო

კინტო

კინტო, ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე. განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. კინტო ნიშნავს კინწით თაბახის მზიდველს. იგი თავზე დადებულ თაბახს, რ-იც ხილით და ბოსტნეულით იყო გაწყობილი, გასაყიდად ქუჩებში დაატარებდა. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხითა და თავისებური ჩაცმა-დახურვით (მაღალსაყელოიანი, საკინძეშეხსნილი დაწინწკლული ჩითის პერანგი; შავი, მოკლე, ნაოჭიანი ახალუხი, შავი სატინის უბეგანიერი მონაოჭებული შარვალი; მესტები, ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“; ვერცხლის აბზინდიანი ვიწრო ქამარი ან წითელი სარტყელი აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით; თავზე ქეჩის ბრტყელი ქუდი ან „კოზიროკიანი შლაპა“).

არსებული მოსაზრებით, კ-ს კასტა შუა საუკუნეების სპარსეთში ჩამოყალიბდა და აერთიანებდა შინამოსამსახურეებს, ე. წ. „ხელის ბიჭებს“, წყლის მზიდავებს, თამბაქოს გამყიდველებს. ისინი ხშირად თავს თაღლითობით ირჩენდნენ. თბილისში, როსტომ მეფის (1632–56) დროიდან ჩნდებიან. ქალაქის კოლორიტულ ფიგურებად XIX ს-ში ჩამოყალიბდნენ და თბილისურ ყოფას XX ს. 30-იან წლებამდე შემორჩნენ, როგორც ყარაჩოხელის „გადაგვარებული მოდგმა“. კ-ს ეტიმოლოგიას უკავშირებენ კვინტოს, რაც ძველად „კუდიანს“, ანუ ცუღლუტს, თაღლითს ნიშნავდა.

ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927; თბილისის ისტორია, ტ. 1. მ. დუმბაძის და გ. გუჩუას რედ., თბ; 1990; შაყულაშვილი გ., ძველი თბილისის პოეზიის ისტორიიდან, თბ., 1987; ჩხეტია შ., ტფილისის ისტორია «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1938, ნაკვ. 1.

ა. სოხაძე