კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია, VI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამნავიანი ბაზილიკა. აღმართულია სოფ. კონდოლის განაპირას ჩრდ-ით. წარმოადგენს ვიწრო, წაგრძელებულ ნაგებობას, რ-იც მართკუთხა ბოძების ორი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. შენობა არაერთხელ შეუკეთებიათ, რის გამოც მისი თავდაპირველი სახე (განსაკუთრებით ზოგიერთ ადგილებში) მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ნაგებობის ბოლო მნიშვნელოვანი შეკეთება XIX ს-ში განხორციელდა. ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2005–06 წლებში (არქიტ. მ. გელაშვილი). ძეგლი ნაგებია რიყის ქვის არათანაბარი რიგებით. შესასვლელი დას-ით და სამხრ-ითაა. ეს უკანასკნელი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. შუა ცენტრ. ნავი ვიწროა და შედარებით მაღალი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რ-იც ეყრდნობა სამ საბჯენ თაღს. განსაკუთრებით ვიწროა გვერდითი ნავები. ცენტრ. ნავი გვერდით ნავებთან დაკავშირებულია სამ-სამი თაღოვანი მალით. იგი აღმ-ით დასრულებულია ღრმა ნალისებრი აფსიდით, რ-ის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ამ სარკმლის გარდა, შუა ნავს კიდევ სამი მცირე ზომის მართკუთხა სარკმელი აშუქებს. მოგვიანებით საკურთხეველი ნავის იატაკის მიმართ ორი საფეხურით აუმაღლებიათ. საკურთხევლის იატაკი აფსიდის მხრების ხაზიდან წამოწეულია დაახლ. 2 მ და ორსაფეხურიანი ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. საკურთხეველში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. გვერდითი ნავები აღმ-ით სწორი კედლითაა დასრულებული. ორივე ნავი დადაბლებული კოლოფა კამარითაა გადახურული. შენობის გარე ფორმებს არსებითი ცვლილებები არ ეტყობა. კედლები დასრულებული იყო გვიანდ. (შესაძლოა XVII ს.) აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1II თბ., 2015.
თ. გერსამია