კონვერტირება ვალუტის

კონვერტირება ვალუტის, სახელმწიფოების ეროვნული ვალუტების გაცვლის პროცესი სხვადასხვა სახის საგარეო ეკონომიკური ოპერაციების განსახორციელებლად. ვალუტის კონვერტირების მიზანია საერთაშ. ვაჭრობის განვითარება, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების სწრაფად ჩატარება, სახელმწიფოთაშორისი ანგარიშსწორების განხორციელება და მოგების მიღება, რ-საც არბიტრაჟი ეწოდება. ვალუტის კ. ხორციელდება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორება ხდება ბანკომატით, გაცვლით პუნქტში, ბანკში, მიკროსაფინანსო დაწესებულებაში. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება სხვადასხვა ელექტრონულ, საანგარიშსწორებო გადახდის სისტემებში ფიზ. და იურიდ. პირების ანგარიშიდან, ბანკის ვებგვერდზე ან საკრედიტო ბარათების გამოყენებით. ვალუტით ვაჭრობა და კ. ხორციელდება ფორექსის საერთაშ. სავალუტო ბაზარზე.

კ. ვალუტის შეიძლება იყოს თავისუფალი (სრულად კონვერტირებადი), ან ნაწილობრივ თავისუფალი (არასრულად კონვერტირებადი). ვალუტის თავისუფალი კ. ხორციელდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საერთაშ. ვაჭრობაში მთავრობის ვალდებულება არ არის ვალუტის ფიქსირებული ან მინ. მნიშვნელობის ხელოვნურად დაწესება. ვალუტის თავისუფალი კ. ახასიათებს ძირითადად დიდი ქვეყნების ეროვნ. ვალუტას – აშშ-ისა და კანადურ დოლარს, ევროს, იაპონიის იენს და სხვ., რ-ებზეც შეიძლება თავისუფლად გაიცვალოს ყველა სახელმწიფოს ეროვნ. ფული. ნაწილობრივი კ-ის დროს ცენტრ. ბანკები აკონტროლებენ და პოლიტ. ან სოც.-ეკონ. მიზეზების გამო მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებენ სავალუტო გარიგებებსა ან ზოგიერთი სუბიექტის სავალუტო ოპერაციეზე, ასევე სხვა სახელმწიფოების ზოგიერთ ფულად ერთეულზე, რ-იც შემოდის ქვეყანაში ან გაედინება გარეთ. სუბიექტებს კი სჭირდებათ არგუმენტირება იმისათვის, რომ სხვა ვალუტაში გადაცვალონ ეროვნ. ვალუტა. ინდური რუპია და ჩინური რენმინბი (იუანი) ნაწილობრივ კონვერტირებადი ვალუტებია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ვალუტის შეზღუდული რაოდენობით გაცვლა მხოლოდ თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტების საშუალებით.

არაკონვერტირებადი ვალუტის სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვლა კანონმდებლობით აკრძალულია და იგი არ მონაწილეობს საერთაშ. სავალუტო ბაზარზე, ხოლო საერთაშ. გარიგებები იდება პარალელურ ვალუტაში. მაგ., კუბაში პესო არაკონვერტირებადია, საერთაშ. ვაჭრობა კი ხდება პესოს მეორე სახეობით, რ-საც კონვერტირებადი პესო ეწოდება. ანალოგიურად არის ვონი ჩრდ. კორეაში.

კ. ხორციელდება ვალუტის მცურავი ან ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმის შესაბამისად. მცურავი კურსის პირობებში მთავრობა არ ერევა ბაზარზე გაცვლითი კურსის ფორმირებაში, ხოლო სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის შემთხვევაში ან ფიქსირებული კურსის დაწესებისას ორიენტირებულია ხელოვნურად უზრუნველყოს მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება.

საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება აშშ-ის დოლარის მიმართ, ხოლო სხვა ვალუტებისათვის გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე არსებული კროს-კურსები (სავალუტო წყვილის განსაზღვრაში არ მონაწილეობს დოლარი), რ-ის შესახებ ინფორმაციის წყაროა „ როიტერის“, „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრ. ბანკები. ეროვნ. ბანკი არ აკონტროლებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ბანკების მიერ დადგენილ სავალუტო კურსებს. ვალუტის კონვერტაციის ოპერაციები, რ-იც კოტირებისა (სავალუტო წყვილის ერთ-ერთი მონაწილე არის დოლარი) და კროს-კურსების ფორმირების გზით ხდება, გამოხატავს ქვეყნის შესაძლებლობას, ჩაერთოს მსოფლიო ეკონომიკაში და აქტიურად განავითაროს საგარეო ეკონ. საქმიანობა. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. გაცვლით კურსს განსაზღვრავს სავალუტო ბაზარი, რ-იც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რ-თა ინტერესში უცხ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის. ბანკთაშორისი სავალუტო ბაზარი ორგანიზებულია „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში, რ-ის საშუალებითაც ხდება ვალუტით გარიგება. აღნიშნულ ბაზარზე მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ და ეროვნ. ბანკის მიერ მინიჭებული მონაწილე ბანკის სტატუსის მქონე ყველა კომერციულ ბანკსა და უცხ. ბანკების ფილიალებს. ეროვნ. ბანკი პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას, ყიდის ან ყიდულობს უცხ. ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე, რ-ის მიზანია საერთაშ. რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინებით გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწ. საგარეო სალდოს დაბალანსება.

მ. თოქმაზიშვილი