კინტოური

კინტოური

კინტოური, ქალაქური ფოლკლორის ერთ-ერთი ნიმუში. სახელწოდება მომდინარეობს ამ ცეკვის ინდივიდუალური შემსრულებლის სახელიდან – კინტო, თუმცა არსებობს განსხვავებული ახსნაც. ა. ალექსიძის განმარტებით, სახელწოდება უკავშირდება სიტყვა კენტს (მარტოხელა), ვინაიდან ცეკვას ერთი მოცეკვავე ასრულებს და მართებული იქნებოდა მას „კენტური“ ეწოდებოდესო.

კ-ს საფუძვლად დაედო ძვ. ქალაქური (თბილისური) საწესო ცეკვის, „იალის თამაშის“ ილეთები – ბუქნა, ხელების აქტიური მოძრაობა, პანტომიმის ელემენტები. სრულდება ბაღდადის გათამაშებით (აქედან მომდინარეობს სახელწოდება „ბაღდადური“). ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ, ძირითადად – ერთი, იშვიათად – ორი მოცეკვავე (ამ შემთხვევაში ცეკვა შეჯიბრების ხასიათს ატარებს, პანტომიმისა და კომიკური ჟესტების მეოხებით კი ერთგვარი დიალოგი იმართება). განსხვავებულია მოცეკვავეთა რაოდენობა თეატრალიზებულ დადგმებში, რაც დამდგმელის სურვილზეა დამოკიდებული. კ-ის ერთ-ერთი პირველი თეატრალიზებული დადგმა „ძველი თბილისის სურათები“ ეკუთვნის ი. ბაგრატიონს.

კ-ის საუკეთესო შემსრულებლები იყვნენ ა. თათარაძე და ფ. სულაბერიძე; მაღალი პროფ. ოსტატობით ასრულებდა ცეკვას ს. ჭიაურელი. ცეკვის საინტერესო ვარიანტია კინოფილმში „ქეთო და კოტე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), სადაც გ. შავგულიძემ შესრულების შესანიშნავი ტექნიკითა და გარდასახვის უბადლო ნიჭის წყალობით გვაჩვენა ამ ცეკვის ეტალონი. ეკრანმა აგრეთვე შემოინახა დიდი მხატვრის – ლ. გუდიაშვილის შესრულებული კ-ის რამდენიმე ფრაგმენტი.

ცეკვა კ. სრულდება ნელი ტემპით, დოლის, დუდუკის ან არღნის თანხლებით (მუს. ზომა 6/8).

ლიტ.: გვარამაძე ლ., საცეკვაო ფოლკლორი, თბ., 1997; თათარაძე ა., ქართულ ცეკვათა განმარტებანი, თბ., 1986; ჩიჯავაძე ო., ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.