კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე

კონიაშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე (26. XII. 1873, თბილისი, – 30. IV. 1951, ქ. ბუენოს-აირესი, არგენტინა), გენერალი (1919). დაამთავრა თბილ. კლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სამხ. სასწავლებელი. რუს.-იაპ. (1904–05) ომის დროს ირიცხებოდა ყუბის ქვეითი ჯარის ოფიცრად. 1913 იყო ქვეითი პოლკის ოფიცერი, შტაბს – კაპიტანი. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა სარიყამიშისა და არზრუმის ოპერაციებში. 1918–21 მსახურობდა ქართულ ჯარში; მეთაურობდა სახ. გვარდიის ნაწილებს. 1918 ოქტ., სოჭის კონფლიქტის დროს, დაინიშნა სოჭის ოლქისა და შავიზღვისპირეთის გარნიზონის სარდლად. 1920 იყო ოსეთის მიმართულების ჯარების სარდალი. 1921-იდან წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, შემდეგ – პოლონეთში. 1923 მსახურობდა პოლონეთის ეროვნულ არმიაში. 1926 მიიღო ბრიგადერის სამხ. წოდება და დაინიშნა ქვეითი ჯარის ერთ-ერთი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ სამხ. სამსახურიდან გადადგა. 1939-იდან ცხოვრობდა არგენტინაში. დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; ურუშაძე ლ., ალექსანდრე კონიაშვილი, ევროპა და ქართული ემიგრაცია, თბ., 2005.

მ. გოგოტიძე