კონიაშვილი მიხეილ გრიგოლის ძე

კონიაშვილი მიხეილ გრიგოლის ძე (1876, თბილისი, – 26. 04. 1960, იქვე), მათემატიკის სწავლების მეთოდიკის ფუძემდებელი საქართველოში. 1896 დაამთავრა თბილ. ვაჟთა პირველი გიმნაზია, 1900 – მოსკ. საიმპერატორო უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. უნ-ტში სწავლის დროს იყო კავკ. სასკოლო წრის წევრი და კავკ. სასწავლო ოლქის სტიპენდიატი. 1900-იდან მათ. მასწავლებლად მუშაობდა ქ. შუშის რეალურ სასწავლებელში, ორი წლის შემდეგ – ქ. სტავროპოლში, 1904 ‒ თბილ. მესამე გიმნაზიაში; 1907‒14 ‒ თბილ. ქალთა პირველ გიმნაზიაში (1918- იდან ‒ დირექტორი). 1909 კ. მონაწილეობდა თბილ. ქალთა უმაღლესი კურსების (პირველი უმაღლესი სასწავლებელი კავკასიაში) შექმნაში. აქვე დაინიშნა ფიზ. და მათ. კათედრის გამგედ; მისი ინიციატივით მოეწყო ფიზ. ლაბორატორიები. 1913 კ-ის ორგანიზატორობით თბილისში ჩატარდა ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XIII ყრილობა. 1921 აირჩიეს თსუ-ის პროფესორთა საბჭოს წევრად. კ. მრავალი წელი ასწავლიდა ელემენტარულ მათემატიკას, დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას, ასევე მათ. სწავლების მეთოდებს. 1938- იდან იგი შეთავსებით მუშაობდა საქართვ. განათლების სამინისტროს პედ. მეცნიერებათა სამეცნ.- კვლ. ინ-ტში.

თ. ალიბეგაშვილი