კინწურაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე

კინწურაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე (1. IV. 1900, ქუთაისი, – 25. VI. 1976, პარიზი), ყოფილი იუნკერი, კოჯორ–ტაბახმელის ბრძოლებისა და ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლების მონაწილე. საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 მარტში ემიგრაციაში გაჰყვა გახიზნულ მთავრობას. კ. ერთ-ერთია იმ ხუთ იუნკერს შორის, რ-ებიც გენ. გ. კვინიტაძის რეკომენდაციით სენ-სირის (საფრ.) სახელგანთქმულ სკოლაში ჩაირიცხნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1925, იგი ლეიტენანტის წოდებით უცხოურ ლეგიონში გაამწესეს. მსახურობდა ჩრდ. აფრიკასა და ლიბიაში.

კ. აქტიურად მონაწილეობდა ელ–ალამეინის ცნობილ სამხედრო ოპერაციაში, რისთვისაც „გათავისუფლების ჯვარი“ დაიმსახურა. II მსოფლიო ომის წლებშივე მიიღო თავდაპირველად კომანდანის, შემდეგ კი კოლონელის სამხედრო წოდებები. თადარიგში გასვლის შემდეგ, XX ს. 50–იანი წლების დამლევს, დაინიშნა პარიზის ქართ. ოფისის დირექტორად.

მხედრული დამსახურებისათვის მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდოები: საპატიო ლეგიონის ორდენი, „დიდი კომანდორის“ ჯვარი, რამდენიმე ბრიტანული ორდენი და მრავალი მედალი.

კ. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ლიტ.: ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005.

ლ. ურუშაძე