კირაკოს განძაკეცი

კირაკოს განძაკეცი, კირა კოსგანძაკელი (1200–71), სომხური საისტორიო მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. თავდაპირველად სწავლობდა ნორგეტიკის მონასტერში, შემდეგ გახდა ცნობილი ვანაკან მოძღვრის მოწაფე. ავტორია თხზულებისა „სომხეთის ისტორია“, რ-იც იწყება გრიგოლ განმანათლებლის მოღვაწეობის აღწერით და გრძელდება 1265-მდე. IV–XII სს. ამსახველი ნაწილი წინამორბედ ისტორიკოსთა შრომების შემოკლებაა, ის ნაწილი კი, რ-იც ეხება XIII ს., ძირითადად ეყრდნობა მისი თვალით ნანახს ან თვითმხილველთა ნაამბობს. იყენებს წერილობით წყაროებსაც, სადაც ვრცლად მოგვითხრობს მონოფიზიტთა „ქართულ რჯულზე“ მოქცევის მიზნით XIII ს. დასაწყისში საქართველოს სამეფო ხელისუფლების ინიციატივით მოწვეული ლორესა და ანისის საეკლ. კრებების შესახებ. კ. გ. იქვე დასძენს, რომ ეს ცნობები მოიპოვა აღნიშნული ამბების თვითმხილველის, ვანაკან მოძღვრის ჩვენამდე მოუღწეველი თხზულებიდან. XIII ს. ამსახველი მონაკვეთი მეტად სანდო პირველწყაროა სელჩუკთა საამიროების წინააღმდეგ საქართვ. სამეფოს ბრძოლის ისტორიის, საქართველოს სამეფო სამსახურში მხარგრძელთა დაწინაურების, ქართველ-სომეხთა ურთიერთობის, სამხრ. კავკასიაში მონღოლთა გამაჩანაგებელი ლაშქრობების, მათი ბატონობის, წეს-ჩვეულებებისა და სხვა საკითხების შესასწავლად. კ. გ-ის ცნობით, ქართული სახელმწიფო მთელ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველად ითვლებოდა. თამარის მეფობისას ქართველები თვით იერუსალიმში ხარკს არ იხდიდნენ. მათი რიდით ქრისტიანულ მონასტრებს ხარკი გაუნახევრდათ. კ. გ. გადმოგვცემს თბილისის ტრაგედიას ჯალალედინისა და მონღოლთა შემოსევების პერიოდში. მისივე ცნობით, ქართველი დიდმოხელეები გამორჩენის მიზნით მონღოლებს გულმოდგინედ შველოდნენ ხარკის აკრეფაში. ამ დროიდან დაუწყიათ მათ საზომ-საწყაულების თვითნებური გადიდება.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია,   თბ., 1982, (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

გ. მაისურაძე