კირვალიძე ნინო მიხეილის ასული (დ. 10. X. 1938, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1972), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1957, მოსკოვი, I ხარისხის დიპლომი, ოქროს მედალი). 1961–67 სწავლობდა თბილ. უცხო ენათა პედაგოგიურ ინ-ტში. 1957 ბ. დარახველიძის მიწვევით (ანსამბლთან ერთად) წარმატებით იმოგზაურა ბრიუსელში საერთაშ. გამოფენა-ბაზრობაზე.
1958–87 იყო საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე. წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. განსაკუთრებით გამოირჩევა მის მიერ შესრულებული ცეკვები: „ქართული“, „სამაია“, „ხევსურული“, „ხომლი“, „ხაბარდა“, „ხონგა“, „წყაროსთან“, „აჭარული“, თინათინის პარტია ი. სუხიშვილის მიერ დადგმულ „ქაჯეთის ციხის აღებაში“ და სხვ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფ. ოსტატობოთ, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნ. კოლორიტის გრძნობით. 1985–2015 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. სუხიშვილის სახ. სკოლა-სტუდიაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).