კირთაძე ნინო ინგურის ასული

ნ. კირთაძე

კირთაძე ნინო ინგურის ასული (დ. 1. VI. 1968, თბილისი), ჟურნალისტი, კინორეჟისორი, კინომსახიობი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1987). მუშაობდა საქართვ. ლიტერატურის ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად (1986–92), საქართვ. სახელმწ. მეთაურის აპარატში კონსულტანტად (1993–94), სააგენტოების – „ფრანს პრესის“ და „ასოშეიტედ პრესის“ კორესპონდენტად კავკასიაში (1994–97). 1997-იდან ცხოვრობს საფრანგეთში. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“ (1999), „ჩეჩნური იავნანა“ (2000; ადოლფ გრიმის ოქროს პრიზი, 2002), „სტალინი სტალინის შესახებ“ (2002), „სტალინი – ღმერთის დასაფლავება“ (2002), „უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“ (2003), „მილსადენი მეზობლად“ (2005; ევროპული კინოაკადემიის პრემია „ფელიქსი“ სცენარისათვის, 2006), „დურაკოვო, ბრიყვების სოფელი“ (2007, სანდენსის საერთაშ. კინოფესტ. პრიზი რეჟისურისთვის, 2008), „რწმენისათვის, მეფისათვის, სამშობლოსათვის“ (2007; რუსეთი), „ზოგი რამ საქართველოს შესახებ“ საფრ.-საქართვ. (2009), „არ ისუნთქო“ (საფრ. 2014). არის საქართვ. კინემატოგრაფიის ეროვნ. ცენტრის წარმომადგენელი „ევრიმაჟში“ (2019-იდან).

კ. როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „წიგნი ფიცისა“ (რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983), „თოვლის ბაბუა“ (ფიფქია, რეჟ. მ. ანთაძე, 1986), „დღე“ (ნატალია, რეჟ. ლ. ღლონტი, 1993), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ცეცილია აბაშიძე, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), „კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს“ (ანა, რეჟ. ფ. მონიე, 1997), „ორი ნული“ (დედილო მალი, რეჟ. ჟ. პირესი, 2004), „სარტრი, ვნების ასაკი“ (ლენა ზონინა, რეჟ. კ. გორეტა, 2006, სამივე საფრ.), „მეტეოიდიოტი“ (ქალბატონი სიკვდილი, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 2008), „ოქროს ძაფები“ (ელენეს ქალიშვილი, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 2019), მადლენის როლი შეასრულა ფრანგი რეჟისორის, გ. ჟულიენ-ლაფერიეს ფილმებში. „ეს რა ოჯახია?!“ (2016), „ეს რა ბებიაა?! (2019); „ეს რა ბაბუაა?!“ (2021) და სხვ.