კირნათის განძი

კირნათის განძი

კირნათის განძი, ძვ. წ. XVI–XV სს. ბრინჯაოს ცულების განძი. აღმოჩენილია 1994 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კირნათში, (ადგილ ფოტურზე მდ. ჭოროხის მარჯვ. სანაპირო). განძში შედიოდა 5 მთლიანი და 2 ნაკლული ცული (მომტვრეული აქვს ყუა და სატარე ხვრელის ნაწილი). ცულებს აქვს არქაული ნიმუშებისათვის დამახასიათებელი მასიური პროპორციები; ზედაპირი არაა საგულდაგულოდ მოსწორებული, წახნაგების შემქმნელი წიბოები არამკვეთრია; ზოგიერთ ცულზე, უფრო შუბლის მხარეს, შეინიშნება ქიმისებრი შვერილი; ტანის უკანა წახნაგები მეტ-ნაკლებადაა ჩაღრმავებული, პირი დაბალი და ოდნავ მომრგვალებულია, ნიღრი – არამკვეთრი. სავარაუდოდ, დამზადებულია დარიშხანნარევი სპილენძისაგან. კირნათის ცულებს უკვე გააჩნია გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური ცულისათვის დამახასიათებელი ნიშნები: მახვილი დაქანებული ყუა, წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი, ექვსად დაწახნაგებული ტანი და მეტ-ნაკლებად გორდა ასიმეტრიული პირი. მათ უშუალო ანალოგები არ ეძებნება. ზემოთ დასახელებული და სხვა ნიშნების მიხედვით ისინი შუაბრინჯაოს ხანის ურეკის ყუამილიანი ცულების (ძვ. წ. XVIII–XV სს) იდენტურია, ოღონდაც კირნათის მონაპოვარს ყუამილიანობა დაკარგული აქვს. იგივე ეხება სამეცნ. ლიტ-რაში კარგად ცნობილ ე. წ. პროტოტიპებსა და გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპის ზოგიერთ ცულს (ერგე, ზემო ჯოჭო, სახალვაშო, ქობულეთი, მელექედური, დიმი, სურმუში). კირნათის ცულები ადრე – და შუაბრინჯაოს ხანის ცულების ხანგრძლივი განვითარების ბოლო ეტაპია, რ-საც მოჰყვა თავდაპირველად პროტოტიპების, შემდგომ გარდამავალი ფორმების, ბოლოს კი საყოველთაოდ ცნობილი კოლხური ცულების გენეზისი თავისი სახეებითა და ქვესახეებით.

კ. გ-ის სამეცნ. მნიშვნელობა დიდია. ქრონოლოგიურად იგი მეორე განძია კოლხურ კულტურაში ურეკის განძის შემდგომ. აღმოჩენების მიხედვით ჩანს, რომ ამ ბრწყინვალე კულტურის ფესვები, ისტ. სამშობლო ტექნიკურ სიახლეთა დამნერგავ სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში, სპილენძის საბადოებით მდიდარ ჭოროხის აუზში უნდა ვეძიოთ. სწორედ აქედან მომდინარეობს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპის ლითონის ნაწარმის დიდი ნაწილი.

ცულები დაცულია ბათუმის არქეოლ. მუზეუმში.

ლიტ.: კახიძე ა., კირნათის განძი, „აჭარა“, 1995, 25. VIII.

ა. კახიძე