კიროვი (პარტ. ფსევდ; ნამდვ. გვარი კოსტრიკოვი) სერგეი მირონის ძე [15 (27). III. 1886, ვიატსკის გუბერნიის ქ. ურჟუმი (ახლანდ. კიროვის ოლქი), – 1. XII. 1934, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი)], რუსი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. 1920 წ. 29 მაისს კ. დაინიშნა საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკაში, სადაც დაჰყო 1920 სექტემბრის ბოლომდე. მონაწილეობა მიიღო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკასა და საბჭ. აზერბაიჯანს შორის თბილისში გამართულ მოლაპარაკებებში, რ-იც ამ სახელმწიფოთა საზღვრების დადგენას ეხებოდა. 1920 ბოლოდან პარტ. საქმიანობა განაგრძო ბაქოში – შედიოდა რკპ (ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში. 1921 იანვარში ს. ორჯონიკიძესთან ერთად აქტიურად მოითხოვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას სამხედრო ინტერვენციის გზით. 1930 წ. 19– 20 ნოემბერს თბილისში საქ. კპ (ბ) ცკ-ისა და ცენტრ. საკონტროლო კომისიის გაერთ. პლენუმზე კ-მა წაიკითხა მოხსენება შინაპარტიული მდგომარეობის შესახებ და ყველა კომუნისტს მოუწოდა მჭიდროდ დარაზმულიყვნენ საკავშ. კპ (ბ) ცკ-ის გარშემო. იმავე წელს კ. გახდა საკავშ. კპ(ბ) ცაკ-ის პოლიტბიუროს წევრი, 1934-იდან – სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი.
მიღებული აქვს უმაღლესი სახელმწ. ჯილდოები. მოკლეს ლენინგრადში. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.
უ. ბლუაშვილი