კისტრიკი

კისტრიკი, ნეოლითის ხანის (ძვ. წ. VII–VI ათასწლ.) ნამოსახლარი. მდებარეობს სოფ. ბამბორაში (აფხაზეთის არ, გუდაუთის მუნიციპალიტეტი), კისტრიკის ღელის მარჯვ. ნაპირზე, შავი ზღვის ნაპირიდან 100 მ-ზე (II ტერასაზე), 4,8 მ სიმაღლეზე.

კ. ღია ტიპის ნამოსახლარია, უკავია 6 ჰა ფართობი. კულტ. ფენების სისქე 30–60 სმ. თითქმის მთელ ფართობზე, ალუვიურ თიხნარში ჩართულია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, კაჟის, ობსიდიანისა და რიყის ქვის იარაღ-ხელსაწყოები და მათი დამზადების პროცესში წარმოქმნილი ნაშთები.

კ-ის ნამოსახლარს პირველად მიაკვლია ა. ლუკინმა 1940. მან 13500 იარაღ-ხელსაწყო და წარმოების ნაშთი შეაგროვა. 1941 აფხაზეთის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ლ. სოლოვიოვი) დიდძალი მასალა მოიპოვა. 1958–60 კ-ის ნამოსახლარი შეისწავლა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის შავიზღვისპირეთის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ნ. ბერძენიშვილი, რაზმის უფროსი ლ. ნებიერიძე).

კ-ის კერამიკა ფრაგმენტულია (მათი აღდგენა არ ხერხდება), ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი, კეცი სუსტად და არათანაბრადაა გამომწვარი, ცომში სილის მინარევებია. ფორმის მიხედვით გვხვდება ქილისებრი ჭურჭელი, რ-საც კედელი ვერტიკალური (ზოგან გადახრილი) აქვს, ძირი კი – ბრტყელი. რიყის ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია გახეხილ-გაპრიალებული ცულები, ხელჩაქუჩები, ხელსაფქვავები, სატეხ-სათლელები, სახეხები, საწაფები, შურდულის ქვები, წერაქვისა და თოხისმაგვარი იარაღები.

საყურადღებოა მიკროლითური ტექნიკით დამზადებული კაჟისა და ობსიდიანის იარაღები: ტრაპეციის, სეგმენტისა და ოთხკუთხა ფორმის ჩასართები, რ-თა უმრავლესობა ორმხრივადაა დამუშავებული. კ-ის კოლექციაში დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, ბურღ-სახვრეტები, დანისებრი ლამელები, ისრისპირები, პიკისებრი იარაღები, ძვლის სადგისი და სხვ.

საქართველოს სხვა ტერიტორიაზე სინქრონული მასალები მოპოვებულია ოდიშის, ანასეული II-ის, ჩხორთოლისა და სხვ. ნეოლითურ ნამოსახლარებზე.

ლიტ.: ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972; Лукин А. Л., Неолитическое селище Кистрик близ Гудаут, „Советская Археология“, 1950,№12; Соловьев Л. Н., Неолитическое поселение побережья Кавказа: Нижне–Шиловское и Кистрик Материалы по археологии Абхазии, Тб., 1967.

კ. კალანდაძე