კიუხელბეკერი ვილჰელმ კარლის ძე [10(21). VI. 1797, პეტერბურგი, – 11(23). VIII. 1846, ტობოლსკი], რუსი პოეტი, დეკაბრისტი. 1811–17 სწავლობდა ცარსკოე-სელოს ლიცეუმში, სადაც დაუმეგობრდა ა. პუშკინს, ი. პუშჩინს, ა. დელვიგს და ა. გორჩაკოვს. 1821 დამლევს ცარიზმისაგან დევნილი კ. ჩამოვიდა თბილისში, სადაც ნახევარი წელი დაყო, დაუახლოვდა აქ მყოფ ა. გრიბოედოვს, გაეცნო ქართვ. მოღვაწეებს. აღტაცებული იყო საქართველოთი, რ-საც არაერთი ლექსი მიუძღვნა („ბედმა ალერსი მე არ მარგუნა“ და სხვ.). 1825 სანქტ-პეტერბურგში დეკაბრისტების ფარული საზ-ბის წევრი გახდა. 1826–46 ციხესა და გადასახლებაში გაატარა. კ. შორეულ ციმბირში ხშირად იგონებდა საქართველოს, რაც აისხა პოემაში „იური და ქსენია“ (1832–33; სრულად გამოქვეყნდა 1939).
თხზ.: [წიგნში] დეკაბრისტი პოეტები, თბ., 1958.
ლიტ.: Шадури В., Декабристская литература и грузинская общественность, Тб., 1958.
ვ. შადური