კიღურაძე ივანე ტარიელის ძე (დ. 12. I. 1937, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1979), ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1976). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1960). მუშაობდა თსუ-ში (1963–2006) და საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1966-იდან) სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო თსუ-ის პროფესორი და ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა განყ-ბის გამგე (1973–89); საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. (2011-იდან თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტი) ინ-ტის დირექტორი (1989–2006); არის ამავე ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი და დიფერენციალურ განტოლებათა განყ-ბის გამგე (2001-იდან).
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა თვისებრივი თეორიის საკითხები და მათთან დაკავშირებული სასაზღვრო ამოცანები. მან შემოიღო არაავტონომიურ დიფერენციალურ განტოლებათა კლასიფიკაცია მათი ამონახსნების ოსცილაციური თვისებების მიხედვით; დაადგინა არსებითად არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების წესიერ სინგულარულ, რხევად და მონოტონურ ამონახსნთა არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობები; მიიღო ასეთი ამონახსნების ზუსტი ასიმპტოტური შეფასებები და სხვ. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.
კ. არის საერთაშ. სამეცნ. ჟურნალების – „Georgian Mathematical Journal“ („ქართული მათემატიკური ჟურნალი“; 1994-იდან), და „Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics“ („მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში“) მთ. რედაქტორი, ასევე მრავალი საერთაშ. სამეცნ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.
იყო საქართვ. ცენტრ. საარჩევნო კომისიის თავ-რე (1995–96), საქართვ. პარლამენტის წევრი (პარტიული სიით „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“), განათლების, მეცნ. და კულტ. კომისიის თავ-რე (2012–16).
არის მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის, მ. შ. 9 მონოგრაფიის ავტორი.
კ-ს მიღებული აქვს ა. რაზმაძის სახ. პრემია (1976), ივ. ჯავახიშვილის (1977), თ. მასარიკის სახ. უნ-ტის (ქ. ბრნო, ჩეხეთი) ვერცხლის (1977) და ამავე უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ოქროს (1981), ჩეხოსლოვაკიის მათ. და ფიზ. კავშირის (1990), აგრეთვე ჩეხეთის მეცნ. აკადემიის ბოლცანოს (2006) მედლები და საქართვ. ღირსების ორდენი (1996).
თხზ.: On bounded and periodic solutions of linear higher order differential equations. „Математические заметки“, 1985, т. 37, №1; On the solvability of the Vallée-Poussin problem. „Дифференциальные уравнения“, 1985, т. 21, № 3; Boundary value problems for systems of ordinary differential equations. „Итоги науки и техники“, 1987, т. 30; Boundary value problems for systems of linear ordinary differential equations, Brno, 1997.
ლიტ.: Иван Тариелович Кигурадзе (К 60-летию со дня рождения), «Дифференциальные уравнения», 1997, т. 39, №1.