კიჭუნა (Diplodus Puntazzo Walbaum, 1792; Puntazzo puntazzo Cetti, 1784), თევზი. მიეკუთვნება სპარისებრთა ოჯახს (Sparidae Regan, 1913), ზღვის კარჩხანების გვარს (Diplodus Rafinesqus, 1810). მაქსიმალური სიგრძე – 50 სმ, მასა – 4,5 კგ-მდე. კ-ს სასქესო ჯირკვალს გააჩნია როგორც მდედრის, ასევე მამრის ჩანასახი, რ-ისგანაც ვითარდება მხოლოდ ერთ-ერთი. მრავლდება ზაფხულში. იკვებება უმეტესად წყალმცენარეებით, წვრილი კიბოსნაირებით, მოლუსკებით და სხვ.
გავრცელებულია შავ ზღვაში კავკასიის, ყირიმის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან; ატლანტის ოკეანისა და საფრანგეთის სანაპიროებთან, სამხრეთით – მწვანე კონცხამდე. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან გვხვდება მთელი წლის განმავლობაში. შავი ზღვის კ-ს სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, იჭერენ ერთეულების სახით. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUSN) მიერ არ არის შეფასებული.
ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Световидов А., Рыбы Черного моря, М., 1964.
ნ. ნინუა