კლავდიუს I

კლავდიუს I, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუსი (Tiberius Claudius Drusus Nero Germanicus) (ძვ. წ. 1. VIII. 10, ლუგდუნუმი, ახლანდ. ლიონი, – ახ. წ. 13. X. 54), რომის იმპერატორი 41–54. იმპერატორად გამოაცხადეს ჯარისკაცებმა იმპ. კალიგულას მოკვლის შემდეგ. თავდაპირველად არ ერეოდა სახელმწ. საქმეებში, დაკავებული იყო მეცნიერებით, კერძოდ, რომისა და ეტრუსკების ისტორიის შესწავლით. იმპერატორად გამოცხადების შემდეგ გაატარა მასშტაბური პროგრ. ღონისძიებები: გააუმჯობესა იმპერიის ფინანს. მდგომარეობა; რომის მოქალაქეობა მიანიჭა პროვინციელებს; შეიტანა ცვლილებები მემკვიდრეობით, საქორწინო და მონების სამართალში; მის დროს ჩაეყარა საფუძველი ბიუროკრ. აპარატს; სენატის ხარჯზე საგრძნობლად გაფართოვდა იმპერატორის ძალაუფლება. კ. I-მა დააწინაურა მხედართა წრიდან გამოსული, აგრეთვე გააზატებული ადამიანები; ეწეოდა ფართო სამშენებლო საქმიანობას.

კ. I-მა გაათავისუფლა პროპართული პოზიციის გამო შეპყრობილი არმენიის მეფე მითრიდატე (იბერთა მეფე ფარსმანის ძმა) და კვლავ არმენიის ტახტზე დააბრუნა. კალიგულას აგრესიული პოლიტიკისაგან განსხვავებით, კ. I კავკასიაში უფრო ფრთხილ და თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებდა. იბერიის მეფე ფარსმან I-მა თავისი ძმა, არმენიის მეფე მითრიდატე რომაელთა სანქციის გარეშე მოაკვლევინა და იქ თავისი შვილი, რადამისტი გაამეფა;

რადამისტმა არმენიაში ფეხი ვერ მოიკიდა და ფარსმანმა, რომის ზეწოლის შედეგად, რადამისტი მოაკვლევინა. რადამისტის მოკვლით პართელებმა ისარგებლეს და არმენიაში უფლისწული ტირიდატე გაამეფეს (52 წ.), რაც კ. I-ის კავკ. პოლიტიკის კრახი იყო. კ. I-ის მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა იბერიის სამეფო ოჯახის სომხეთში დამკვიდრებას, მაგრამ კავკასიაში მდგომარეობა მალე აირია; 54 იბერებმა არმენია დაკარგეს და იგი პართიის ხელში გადავიდა. კ. I მოწამლა ცოლმა აგრიპინამ. მისი ფერფლი დაკრძალულია რომში, ავგუსტუსის მავზოლეუმში. კ. I-ს ეკუთვნის 2 ისტ. თხზულება ეტრუსკებისა და კართაგენელების შესახებ.

ლიტ.: გამყრელიძე გ., თოდუა თ., რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, თბ; 2006.

ლ. სანიკიძე