კლაპროთი (Klaproth) ჰაინრიხ იულუს ფონ (11. X. 1783, ბერლინი, – 28. VIII. 1835, პარიზი), გერმანელი ლინგვისტი, ორიენტალისტი, მოგზაური. 1807-იდან რუსეთის მეცნ. აკადემიის ექსტრაორდინარული აკადემიკოსი, 1816-იდან – აღმოსავლური ენების პროფესორი პარიზში. 1807–08 მივლინებული იყო კავკასიაში ფილოლ., ეთნოგრ. და ისტ. კვლევისათვის. მან თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში“ და სხვა შრომებში. თბილისში კ. იყო 1808 წ. 13 იანვრიდან ივნ-მდე. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურა არაგვისა და მტკვრის სათავეებში, მტკვარსა და იორს შორის მდებარე რეგიონებში. ლეკების მადევარ ქართველ ფეოდალებთან ერთად იყო ლიახვის ველზე, აგრეთვე საქართველოს სამხ. გზაზე. თბილისში ქართვ. საზ-ბა ყოველნაირად უწყობდა ხელს მას მეცნ. კვლევაში. 14 ივნისს კ. გაემგზავრა მოზდოკს, ადგილ. ხელისუფლებისაგან ფარულად მოიარა მცირე და დიდი ყაბარდო, იქიდან ჩავიდა რაჭაში (ონამდე). ისტ. ნარკვევში კ. აღწერს თბილისს, ახასიათებს საქართველოს მთიელებს, მიმოიხილავს საქართველოსთან ოსების დამოკიდებულებას და სხვ. 1827 გამოსცა ქართ.-ფრანგული და ფრანგ.-ქართული ლექსიკონი (4000-მდე სიტყვა); დაიწყო ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ბეჭდვა, რ-იც მისი გარდაცვალების შემდეგ დაამთავრა მ. ბროსემ.
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა კ-ის სახელი.
ლიტ.: შამილაძე ვ., მიმინოშვილი ო. საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია, ნაწ. I, თბ., 2009; ჩიქობავა ა., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მისივე, К вопросу о первых текстовых записях по горским иберийско-кавказским языкам, „Вопросы языкознания“, 1962, №4; Полиектов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.
გ. თოფურია