კლარჯეთის საერისთავო

კლარჯეთის საერისთავო, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ქართლის სამეფოში. ქართული საისტორიო ტრადიცია კ. ს-ს დაარსებას, ლეონტი მროველის ცნობაზე დაყრდნობით, ძვ. წ. III ს-ში ქართლის პირველ მეფე ფარნავაზს მიაწერს. აქ გაგზავნა მან თავისი მეშვიდე ერისთავი: „მეშUდე გაგზავნა კლარჯეთს ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე“. არსებობს მოსაზრება, რომ კლარჯეთის პირველი ერისთავები აზოს სახლის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. სად მდებარეობდა ამ დროს საერისთავოს ცენტრი, უცნობია. საინტერესოა, რომ ეს საერისთავო დაარსდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ფარნავაზმა ძალის გამოყენებით დაამყარა საკუთარი ხელისუფლება. საერისთავო, ფაქტობრივად, ქართლის სამეფოს უკიდურესი სამხრ.-დას-ით არსებული ადმ. ერთეული იყო, ამიტომ ქართლის სამეფოს დასუსტებისას ის სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში მოექცეოდა ხოლმე. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა დაიბრუნა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ტერიტორია, აღადგინა ადმ. ერთეული – საერისთავო და ერისთავად დანიშნა არტავაზი; დააარსა არტანუჯის ციხე-ქალაქი, რ-იც საერისთავოს პოლიტ. ცენტრი გახდა. ამის შემდეგ კ. ს. უკვე არტანუჯის სახელით მოიხსენიება.

ლიტ.: ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003.

მ. ბახტაძე