„კლარჯნი ხელმწიფენი“, „კლარჯეთის მეფენი“, ასე იწოდებოდნენ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენლები – სუმბატ არტანუჯელი და გურგენი, ბაგრატ II არტანუჯელის ძენი. ბაგრატიონთა მემატიანე სუმბატ დავითის ძის მიხედვით, გაერთ. საქართვ. პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ, მოსალოდნელი განდგომის ასაცილებლად სუმბატი და გურგენი, რ-ებიც მისი მამიდაშვილები იყვნენ, ფანასკერტის ციხეში დარბაზობაზე მიიწვია, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი 1012 გარდაიცვალნენ. მათ სამფლობელოს ბაგრატი დაეპატრონა. მათი შვილები – სუმბატის ძე ბაგრატი და გურგენის ძე დემეტრე – კონსტანტინოპოლში ბიზანტიის კეისარ ბასილი II-სთან გაიქცნენ, რათა მისი დახმარებით მამაპაპისეული ქვეყანა დაებრუნებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მათი მემკვიდრეები კი, რ-ებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს, პატიმრობაში დაიხოცნენ, რამაც განაპირობა არტანუჯელ ბაგრატიონთა, ანუ „კ. ხ-თა“ საგვარეულოს დასასრული.
წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა, წგ.; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1978.
ა. ბოგვერაძე